მიმდინარე წლის იანვარ-მარტში „ქართულმა ოცნებამ“ წინა კვარტალთან შედარებით 20-ჯერ ნაკლები შემოწირულება მიიღო. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენშია აღნიშნული.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის IV კვარტალში 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, 2024 წლის I კვარტალში კი ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლები. ამასთან, "ქართული ოცნების" შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს „ცეკურის“ და „ბონდი-2009” მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ჯამურ შემოწირულებებს, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ერთად 1 224 111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8-ჯერ ნაკლებია. შემოწირულებების 37% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 447 030 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 445 500 ლარით, ხოლო მესამეზე - „ნაციონალური მოძრაობა“ 170 720 ლარით.
ბიულეტენის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 12 800 ლარის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომლის თავმჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი, მერაბ ჭიქაშვილია.
აღსანიშნავია, რომ შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 45-ჯერ შეწირეს თანხა, 35 შემოწირულება მიიღო „ლეიბორისტურმა პარტიამ“, ხოლო 31 – პარტიამ „ხალხისთვის“. „ქართულმა ოცნებას“ სულ 23-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი სხვა პარტიებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო.