Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს არსებული გამოწვევები გარკვეულწილად კონკურენტუნარიანობას უკარგავს.
როგორც ჯემალ ინაიშვილმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ საქართველოს დერეფანზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ალტერნატიულ დერეფნებს საქართველოს ინფრასტრუქტურა სათანადო კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს.
მისი განცხადებით, ამის უმთავრესი მიზეზი არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზების საჭიროება და ასევე, ქართულ პორტებში არსებული მაღალი ტარიფებია.
„ომის დაწყების შემდეგ ბევრი საერთაშორისო კომპანია ცდილობს, რომ გვერდი აუაროს რუსეთს და ჩვენი დერეფნით ისარგებლოს. მაგრამ ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო, პორტების და რკინიგზის მოდერნიზება, ახალი ნავსადგურის მშენებლობა. ჯერჯერობით ჩვენ ბოლომდე შესაბამის შედეგებს ვერ ვიღებთ და ვერ ვუწევთ სათანადო კონკურენციას სხვა მიმართულებებს. ამასთან, ჩვენი პორტები ძალიან ძვირია, სახელმწიფოს რეგულირების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია და ისინი თავად ადგენენ ტარიფს. ეს გარკვეულწილად კანონზომიერია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ როდესაც ნავსადგურზე ვლაპარაკობთ, ის გარკვეულწილად რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს. მაგრამ გემის მოსაკრებელი ძალიან მაღალია. ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი, რომ ერთი და იგივე საკონტეინერო გემი თურქეთში იხდის 10-15 ათასს, ჩვენთან კი 40 ათასს იხდის. ეს ბუნებრივია, გადაზიდვების ფასში აისახება, რაც ჩვენს დერეფანს ხშირად არაკონკურენტულს ხდის“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.