თბილისში, ლილოს დასახლებაში, მიმდინარე წელს ყველის ქარხანა „კალტი“ გაიხსნა.
კომპანია „კალტის“ დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი, რომელიც ასევე „მტევინოს“ დამფუძნებელია BM.GE-სთან აცხადებს, რომ ქართულ პროდუქციას პოტენციალი აქვს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი სტანდარტი დააკმაყოფილოს.
მისივე ინფორმაციით, საწარმოში საერთო ჯამში 21 ადამიანია დასაქმებული და 4 სახეობის დასახელების ყველს აწარმოებს.
„ყველის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, რადგან რძის ნაწარმზე ადგილობრივი ბაზრის მხრიდან მოთხოვნა ძალიან დიდია. რეგულაციებს ველოდებით, რომ შემდეგ ექსპორტზე გატანაზეც ვიფიქროთ.
რაც შეეხება წარმოებას, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კომპანია ვართ, თვიდან თვემდე წარმოებულ მოცულობებს ვზრდით. ხოლო, ნედლეულის მობილიზებას ადგილობრივი ფერმერებისგან ვახდენთ,“- აცხადებს ზაუტაშვილი.
ქარხნის მოწყობისა და ამოქმედებისთვის კომპანიამ „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამით 3 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. საწარმო 4 000 კვ.მ.-ზე განთავსებული მეურნეობაა, რომელიც საოფისე სივრცეს, წარმოებას და სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ „კალტის“ და „მტევინოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარების მიმართულებით ძალიან კარგი მდგომარეობაა და ოპერირება ბაზარზე არ გაუჭირდათ.