მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული რძე იმდენად დეფიციტურია, რომ გასაღება პრობლემა არაა" - მიხეილ სოხაძე

რძე

საქართველოში ადგილობრივი წარმოების რძის დეფიციტია, რის გამოც პროდუქტი სრული რაოდენობით იყიდება, მიუხედავად მისი დამზადების პირობებისა - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში მიხეილ სოხაძე, FAO-ს პროექტის მენეჯერი საუბრობს.

"ქვეყანაში ძალიან ჭირს რძე. მე რომ რძის შემკრები პუნქტი ვარ, ჩემი ინტერესები მაქვს; ვცდილობ შევაგროვო რძე, მაგრამ იმდენად დეფიციტურია, რომ თუ არასათანადო რძეს მე არ ჩავიბარებ, სხვა ჩაიბარებს. საქართველოში ადგილობრივი წარმოების რძე დეფიციტურია, შესაბამისად, გასაღების პრობლემა არაა, ვიდრე არის მყიდველი, იქნება გამყიდველი. დასავლეთ საქართველოში ყველის ოფიციალური წარმოება საერთოდ არ არის, არადა იმერული ყველი როგორი პოპულარულია..." - ამბობს მიხეილ სოხაძე.

მისი თქმით, საქართველოში წარმოებული ხორცი გაცილებით მეტად კონტროლდება, ვიდრე - რძე. როგორც სოხაძე აღნიშნავს, რძის წარმოების კონტროლისთვის აუცილებელია, QR კოდები, რომელიც მომხმარებელს საქონლის ხორცის შესახებ აძლევს ინფორმაციას, რძის პროდუქტებზეც გავრცელდეს.

"ბაზარზე იკვეთება მიკვლევადობის პრობლემა. ლამაზი საყურეები რომ აქვთ ძროხებს, სილამაზის გულისთვის არაა, ეს სწორედ ის ნიშანია, რომელიც მიკვლევადობას უზრუნველყოფს. გინახავთ ალბათ მაღაზიაში, QR კოდიც კი აქვს ხორცს, რომელიც გეუბნებათ ძროხის ფერს, ასაკს, დაკვლის თარიღს, ყველაფერს, რაც გაინტერესებთ. იგივე უნდა იყოს რძეზეც, რაც სამწუხაროდ ვერ ხორციელდება. რძეს რომ აბარებ, ჩამბარებელმა ყველა პირუტყვის საყურე ნიშნები უნდა იცოდეს, რაზეც ზუსტად ვერ გეტყვით, რა ხარისხით სრულდება. რაღაც ნაწილში ხდება, რაღაც ნაწილში მთლად ბოლომდე ვერა", - აღნიშნა FAO-ს პროექტის მენეჯერმა.

მიხეილ სოხაძე "საქმიანი დილას" ეთერში "რძის სკანდალსაც" გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნულ საქმეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგიც მოჰყვა. FAO-ს პროექტის მენეჯერმა ხაზი გაუსვა, რომ რძის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს და პროდუქტში აფლატოქსინის აღმოჩენა ერთჯერადი შემთხვევა იყო.

"უარყოფითი ისაა, რომ გადაღვარეს რძე, რაც ხალხის ბრალი არ არის, აღმოჩნდა აფლაქტოქსინი პროდუქტში და არ ჩანს ინფორმაცია, რომ ეს ადრეც მოწმდებოდა და სულ მოწმდება, უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო პრობლემა და არა ყოველთვის. რატომღაც ეს ინფორმაცია არ გავრცელდა და დედა ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში შვილს წამლავდა, ეს ასე არ არის; კონკრეტულ პარტიაში იყო და ეს პარტია ამოღებულია, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს.

დადებითი ისაა, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად აიტაცა ეს და პოლიტიკური პროცესებიც კი გადაფარა, აქ ხომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა შუაში. ეს იყო პლუსი, რომ საზოგადოებას პრობლემებიც შეიძლება აერთიანებდეს", - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.

მანამდე, „რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები