ჩიკაგოს მახლობლად, უილინგში მდებარე ქართული რესტორანი Stumara წელს, ჩიკაგოს ცენტრში ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა, თამთა სანოძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
ტურისტული ობიექტი Stumara, ქართველი ემიგრანტების, თამთა სანოძისა და მისი მეუღლის პროექტია, რომელიც ამერიკის ბაზარზე 1 წელია ოპერირებს და მომხმარებელს ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს.

როგორც რესტორნის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, "სტუმარამ" გახსნიდან როგორც ადგილობრივი საზოგადოების, ასევე კულინარიული სამყაროს ყურადღება მალევე მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ის 2025 წელს საუკეთესო მემკვიდრეობითი რესტორნის კატეგორიაში Jean Banchet პრემიის გამარჯვებული გახდა.
“Stumara ჩიკაგოს გარეუბანში მდებარეობს. აპრილში 1 წელი გახდება, რაც სტუმრებს ქართულ გემოებს და ღვინოებს ვთავაზობთ. თავდაპირველად, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ჩამოვედით, რესტორატორობაზე არც გვიფიქრია. თუმცა ალბათ ნოსტალგიამ და იმან, რომ ჩიკაგოში ქართული სარესტორნო სივრცე არ იყო, ქართული რესტორნის გახსნა გადაგვაწყვეტინა. თავდაპირველად, პატარა საცხობი გავხსენით, თუმცა მომხმარებლების დიდმა მოთხოვნამ, რომ ჩვენი რესტორანი გვქონოდა, სადაც ისინი ადგილზე ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებდნენ, საბოლოოდ რესტორნის გახსნამდე მიგვიყვანა.
რესტორანში 16 ადამიანს ვასაქმებთ. მათი ნაწილი ქართველია, ნაწილი უკრაინელი და ერთი კი მექსიკელი. სრული დატვირთვით, 50-მდე ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. ინტერიერი მინიმალისტურია და ვეფხისტყაოსნის მოტივები გვაქვს გამოყენებული. რაც შეეხება ინვესტიციას, დაახლოებით 300 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ, რაშიც ბიზნესკრედიტი დაგვეხმარა”, - ამბობს თამთა სანოძე.

წარმატებული ოპერირების კვალდაკვალ, დამფუძნებლებმა ობიექტის გაფართოება და ჩიკაგოს ცენტრში ახალი ფილიალის ამოქმედება გადაწყვიტეს. თუმცა, არ ცვლიან მთავარს - ქართულ გემოებს, რომელიც Stumara-ს განუყოფელი ნაწილია.
“2025 წელს, უახლოეს 8 თვეში ახალი ფილიალის გახსნას ჩიკაგოს ცენტრში ვგეგმავთ, რომელიც Stumara ბრენდით იმუშავებს. კონცეფცია განსხვავებული იქნება. გვინდა, ახალ რესტორანში ქართული და ამერიკული კულტურა გავაერთიანოთ და მომხმარებლებს ქართული რესტორანი განსხვავებული კონცეფციით შევთავაზოთ. ქართული სამზარეულოთი ბრანჩის კონცეფციაზე გადავდივართ და საღამოს ჩვენი ქვევრის ღვინოების ღვინის ბარი იმუშავებს.
სივრცეში დაახლოებით 60 ადამიანის მასპინძლობას შევძლებთ და საწყის ეტაპზე, 16 ადამიანს დავასაქმებთ. მისი გახსნისთვის დაახლოებით 500 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ”, - განაცხადა რესტორნის დამფუძნებელმა.
გარდა ამისა, Stumara-ს დამფუძნებლები მეორე მიმართულებასაც ავითარებენ, რომელიც მხოლოდ სარესტორნო კონცეფციას მოიცავს. ის Stumara-ს ფილიალი იქნება, თუმცა ჩიკაგოში, სხვა დასახელებით იმუშავებს. ამ დროისათვის, პროექტი დამუშავების პროცესშია და დამფუძნებლები ლოკაციის მოძიების ეტაპზე არიან.





























