მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საბანკო სისტემა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით - ქვრივიშვილი

ქვრივიშილი

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო საბანკო სექტორის სწორი განვითარების აქტიური მხარდამჭერია.

„ჩვენი მუშაობისა და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ღია ბანკინგსა და ღია ფინანსებს. ამ ცვლილებებმა 2023 წელს კაპიტალის ბაზრის ორმაგ ზრდას შეუწყო ხელი, ხოლო დღემდე შენარჩუნებულია მზარდი ტენდენცია,“ – აღნიშნა ქვრივიშვილმა თბილისის ფინანსურ სამიტზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმართება.

მისი თქმით, საქართველოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და ეფექტურად აბალანსებს როგორც ინვესტორთა დაცულობას, ისე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

მისივე შეფასებით, ქართული საბანკო სექტორი დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და შესაბამისად, თბილისის ფინანსური სამიტი, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას რეგიონული და გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. დღის წესრიგში არსებული თემები – მომავლის ინოვაციების ციკლი, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სისტემაში, რეგულაციებისა და პოლიტიკის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვა და შუა დერეფნის პოტენციალი – ნათლად ადასტურებს ამ პლატფორმის მნიშვნელობას,“ – განაცხადა მან.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაზე ყურადღება გაამახვილა ქართული საბანკო სექტორის წარმატებაზე, სწორ განვითარებასა და ამ პროცესში სახელმწიფოს აქტიურ მხარდაჭერაზე, ასევე ხაზი გაუსვა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების მნიშვნელობას.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 500 Georgia-ს ვენჩურული ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და რომლის ზომა 20 მილიონი აშშ დოლარია.

"ამ ფონდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 59 მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე 4 ახალი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, როგორებიცაა Plug & Play, Founders Institute, 500, Startup Bootcamp, ვაპირებთ ყოველწლიურად გადავამზადოთ 160 სტარტაპი. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი ხელსაყრელი სპეციალური საგადასახადო რეჟიმით უკვე 180-მდე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს 5%-იანი მოგების და საშემოსავლო გადასახადით. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებებით კი ინოვაციური სტარტაპები, შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას, 3 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა სამიტის ორგანიზატორებს Global Finance and Technology Network-ს, საქართველოს ეროვნულ ბანკს და ეკონომიკის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ფინანსური სექტორის რეფორმების მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები