რესტორანი "საფერავის" მფლობელის თინა ქააძეს თქმით, ქართული სამზარეულო ამერიკაში კარგად მუშაობს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რესტორანი მანჰეტენზე წელიწად ნახევრის წინ გაიხსნა და მომხმარებლებს ქართული ღვინის გარდა, ქართულ კერძებსაც სთავაზობს. თინა ქააძის თქმით, ქართული სამზარეულოდან ყველაზე მოთხოვნადი ხინკალია.
„წელიწად ნახევრის წინ გავხსენით ამერიკული სწრაფი კვების ობიექტი და დაახლოებით 1 წელიწადში ქართული საჭმელების დამატება დავიწყეთ. თავიდან დავამატეთ, აჭარული ხაჭაპური, რომელიც აშშ-ში ცნობილი იყო და ვნახეთ რომ ქართული სამზარეულო ამერიკაში მუშაობს. იანვარში სრულიად შეიცვალეთ კონცეპტი და ეს ქართული სამზარეულო გახდა. ავიღეთ ლიცენზია ღვინის და ლუდის და "საფერავში" უამრავი სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი - თითქმის, სამზარეულოს 95% ქართულია. ასევე გვაქვს ბურგერი, რომელიც ერთ ერთი პოპულარულია, მაგრამ ბურგერშიც ვიყენებთ ქართულ სუნელებს. პურს და ხორცს ადგილზე ჩვენვე ვამზადებთ და ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია.
ქართული სამზარეულოდან ყველაზე მოთხოვნადი ხინკალია. შემდეგ არის აჭარული ხაჭაპური და ათეულში ბურგერი შედის", - განაცხადა მან.
რაც შეეხება მომხმარებლებს, როგორც რესტორნის მფლობელი ამბობს, ყველა დადის: "ქართველები, რუსები, პოლონელები, უკრაინელები, იაპონელები, ჩინელები, ამერიკელები - ადგილიდან გამომდინარე ყველა დადის".
მომავალ გეგმებზე საუბრისას, თინა ქააძემ განაცხადა, რომ მათი მიზანი ზრდაა და ისეთი ადგილების ათვისება, სადაც მეტი სახეობის ღვინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.
"დაახლოებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს ბიზნესი ძალიან ზრდადია. ჩვენ შემთხვევაში, წლინახევრის შემდეგ ახლა ვნახეთ შედეგი. "საფერავი" პატარაა და გვინდა გავიზარდოთ. გვინდა უფრო დიდი ადგილი, სადაც საფერავი მომხმარებლებს უფრო მეტ ღვინის სახეობებს შესთავაზებს. გვინდა ისეთი ადგილი, სადაც გვექნება ბანკეტების გადახდის საშუალება, უფრო მეტი ღვინის დაგემოვნება. ყველა ქართველი მუშაობს ჩვენთან. ვთვლი, რომ ქართულ სამზარეულოს ვერ გააცნობს სხვა ისე, როგორც ქართველი", - განაცხადა მან.