მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი "Elven Technologies" ილონ მასკის "მარსის მისიისთვის" ემზადება

5de509289ab15
თამუნა ქემერტელიძე
02.12.19 16:51
5372
ქართული სტარტაპი ილონ მასკის მომავალი მისიისთვის ემზადება. როგორც BM.GE-ის კომპანია „Elven Technologies“-ის დამფუძნებელმა ვამეხ ხერხეულიძემ განუცხადა, „კომპანიას „კოსმოსურ კოსტუმზე“ მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და ესაა კოსტუმი, რომელმაც პირველი ადამიანი მარსზე უნდა წაიყვანოს“.

ცნობისთვის: 2018 წელს ავსტრალიის ქალაქ ადელაიდეში SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა დაანონსა, რომ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2024 წლიდან დაიწყებდა და ის ამისთვის ახალი თაობის რაკეტას, სახელად B.F.R -ის შექმნიდა.

„ილონ მასკმა უკვე დაანონსა, რომ 2024 წლიდან მარსზე ადამიანების გაშვებას დაიწყებს; გვინდა, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი ჩვენც ვიყოთ და როცა პირველი ადამიანი დადგამს მარსზე ფეხს, ის ჩვენი კოსტუმით იყოს „შემოსილი“. ესაა კომპანიის მიზანი“, - აცხადებს ვამეხ ხერხეულიძე.

„Elven Technologies”-ის გუნდი ამჟამად კომპანიის პირველ პროდუქტზე მუშაობს. ეს არის მეხანძრის ცეცხლგაუმტარი კოსტუმი გაგრილების სისტემით.

“ამ კოსტუმს აქვს 100%-იანი დაცვა პირდაპირი ალისგან ანუ მეხანძრის კოსტუმი არასდროს დაკარგავს ბარიერულ ფუნქციას. რაც შეეხება მაღალი ტემპერატურისგან დაცვას, ამჟამად ჩვენი კოსტუმი ბაზარზე არსებულ უნიფორმებთან შედარებით 5-ჯერ ხანგრძლივ დაცვას უზრუნველჰყოფს. გარდა ამისა, ჩვენი გაგრილების სისტემა დამატებით იცავს მეხანძრეს გადახურებისგან და ასევე აგრილებს კოსტუმს“, - აცხადებს ხერხეულიძე.

მისივე თქმით, გასულ თვეში „Elven Technologies“-მა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა „ჯისტ“-ში მიიღო მონაწილეობა და აშშ-ში ვიზიტის დროს მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ამერიკელ მეხანძრეებს შეხვედროდნენ.

„შეხვედრები გვქონდა მეხანძრეებთან ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში. ვისაუბრეთ მათი სამუშაო გარემოს პრობლემებზე, ასევე განვიხილეთ მათთვის სასურველი ტექნოლოგიები და კოსტუმის ინოვაციური მხარე. თუ გაყიდვებზე მიდგება საქმე, მაშინ უნდა ვესაუბროთ სახელმწიფო ან კერძო სახანძრო სამსახურებს, თუმცა რადგან ჩვენი საბოლოო მომხმარებელი მეხანძრეა, ჩვენ პირველ რიგში, მათგან გავიგეთ, რა ტიპის კოსტუმი უნდა გავუმზადოთ სამომავლოდ“, - აცხადებს ხერხეულიძე.

მისივე თქმით, 2020 წლის ბოლოს მეხანძრის კოსტუმის პროტოტიპი მზად უნდა იყოს, ხოლო 2022 წლის დასაწყიში კი, კომპანია გაყიდვებს დაიწყებს.

„შემდეგი ნაბიჯი კი, მარსია”, - ამბობს „Elven Technologies“-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები