მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი Sambrela, რომლის ანგარიშზეც 2 ბლოქჩეინ პროგრამა და 4 თამაშია

5ea5573c36969
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.20 16:35
7574
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ქართული კომპანია Sambrela 2019 წლის სექტემბერში დაარსდა და საკუთარი რესურსით game და blockchain ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დაიწყო ოპერირება.

როგორია საქართველოს ციფრული ტექნოლოგიების ბაზარი, მისი გამოწვევები და რესურსები, ამ საკითხებზე და უშუალოდ კომპანიის მიღწევებზე BM.GE-ს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიკა დიდებულიძე ესაუბრა.

Sambrela-ს მმართველი პარტნიორის თქმით, მათ ბიზნესი საკუთარი რესურსით წამოიწყეს და საწყისი ინვესტიცია 50 000 ლარს შეადგენდა, ხოლო შემდეგ თანხების რეინვესტირება მოახდინეს.

„ჩვენი პირველი პროგრამა იყო დაფუძნებული ბლოქჩეინზე და ის გულისხმობდა კრიპტოვალუტის გადახურდავებისა და მის სანაცვლოდ სესხების გაცემას, რომელიც დამზადდა ესტონური კომპანიისთვის. წარმატებულმა სტარტმა შესაძლებლობა მოგვცა შემდეგ პროდუქტებზე დაგვეწყო მუშაობა“, - ამბობს მიკა დიდებულიძე.

ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებით არ უსარგებლიათ, უფრო მეტიც 8 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა ტექნოლოგიების სფეროში ბაზარზე არსებული სტარტაპ კომპანიებისთვის fundraising პლატფორმის შექმნა დაიწყო. Sambrela-ს მმართველი პარტნიორი მიკა დიდებულიძე მიიჩნევს, რომ ამ სფეროში დამწყები ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი რომ თანადაფინანსების ონლაინ პლატფორმის შექმნაზე ეფიქრათ.

„ვიწყებთ blockchain - ზე დაფუძნებულ fundraising პლატფორმის გაკეთებას, რომელიც თამაშებისა და ბლოქჩეინ დეველოპერულ სტარტაპ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, თავისი პროექტები გახადონ საჯარო და მისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, რომლებიც თავის მხრივ პროექტის ადრეული სტადიიდან შეძლებენ კონტრიბუციის შეტანას ამ პროდუქტების განვითარებაში“, - განმარტავს მიკა დიდებულიძე.

გარდა ბლოქჩეინის ციფრული ტექნოლოგიების პროდუქტებისა Sambrela თამაშებსაც ქმნის. ის ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს მსოფლიო ბაზარზე ყიდიან, მაგალითისთვის ამერიკაში. კომპანიის მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, დეკემბრის შემდეგ მათ 4 თამაში შექმნეს, რომელთაგან ორი საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

„თამაშების მიმართულებით არჩეული გვაქვს - Hyper Casual mobile games, ეს არის მარტივი თამაში, სადაც არაფრის ყიდვა არ გიწევს. დეკემბრიდან თვეში ერთ თამაშს ვუშვებთ. ჩვენი წარმატებული თამაშებია Pipe Runner და Fall master , რომლებიც ხელმისაწვდომია ანდროიდზე და აიოსზე.

Pipe Runner VS -ს თამაშზე აპრილიდან ვთანამშრომლობთ - Ryu games San Francisco-სთან და დღეისთვის თამაში ხელმისაწვდომია უკვე ამერიკული gambling ბაზრის მომხმარებლისთვის.

ამასთან, Sambrela-მ ამერიკულ კომპანია Azur games-თან ხელი ორ კონტრაქტზე მოაწერა (ერთ-ერთი ტოპ ფაბლიშერია თამაშების ინდუსტრიაში): თამაშის პროტოტიპების შექმნა და თამაშების დაფაბლიშება და მარკეტინგი.

მეორე თამაში Fall master - ის განვითარებაზე, დღეისთვის უკვე დასრულებული გვაქვს მოლაპარაკებები კანადურ დიჯიტალ მარკეტინგულ კომპანიასთან და მომავალ კვირას მათთან ერთად თამაშის მარკეტინგს და გამოქვეყნებას ვიწყებთ“, - უთხრა BM.GE-ს მიკა დიდებულიძემ.

„Sambrela”-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ციფრული ტექნოლოგიების სფეროში დიდი რესურსი აქვს და იმისთვის რომ არ მოხდეს პროფესიონალი კადრების უცხო ქვეყნებში გადინება, აუცილებელი ქვეყნის შიგნით ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფომ საჭირო გარემო შექმნას.

„ხაზს გავუსვამდი კომპანიის თანამშრომლებს, ქართული დეველოპერების შექმნილი პროდუქტები კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენთან ახალგაზრდა ნიჭიერი დეველოპერები მუშაობენ - 22 დან 35 წლამდე, რომლებსაც საერთაშორისო პროექტებსა და სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის დიდი გამოციდილება აქვთ. ქართველ დეველოპერებზე ევროპაში მოთხოვნა მზარდია, იმისთვის რომ არ მოხდეს მათი მასიური გადინება მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერა“, - აღნიშნავს მიკა დიდებულიძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები