კომპანია „აპიჯეოს“ ინფორმაციით, არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო გასულ წელს ქვეყანამ 1000 ტონამდე თაფლი აწარმოა, რაც წინა პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. კომპანიის ცნობით, განახევრდა საექსპორტო მაჩვენებელიც.
როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმძღვანელმა ერეკლე ჩიკვაიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, გარემო პირობების გამო დაავადებები ჰქონდა ფუტკრის ოჯახების 40%-ს.
რაც შეეხება ზოგადად თაფლის ხარისხს, „აპიჯეოში“ ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ისტორიის განმავლობაში დღეს ყველაზე სუფთა, მეფუტკრეების განათლების დონე კი ყველაზე მაღალია.
„კლიმატური პირობების გამო შარშან გვქონდა საკმაოდ არასახარბიელო წელი, საექსპორტო პროდუქცია შეგვიმცირდა 40%-მდე, ეს შეეხო როგორც აკაციას, ისე წაბლს. მეფუტკრეებისთვის მთელი სეზონი ჩავარდნილი იყო. საქართველოში ფუტკრის ოჯახების დაახლოებით 40%-ს დაავადებები ჰქონდა, რამაც განსაზღვრა მოსავლის ოდენობა.
ზოგადად თუ შევხედავთ სურათს, მეფუტკრეების დონე ახლა ყველაზე მაღალია, ქართული თაფლი ყველაზე სუფთაა, თუმცა მეწყრული პროცესები და კლიმატური კატასტროფები პირდაპირი დარტყმა იყო სექტორისთვის.
ჩვენ 2022-ში 150 ტონამდე თაფლის რეალიზაცია მოვახერხეთ, გასულ წელს კი 30 ტონა გავიდა ექსპორტზე და 40 ტონა მოხმარდა შიდა ბაზარს. ზოგადად, საქართველოში თაფლის წარმოება 4 ათასი ტონაა და გასულ წელს ეს მონაცემი დაეცა 1000 ტონამდე“, - განაცხადა ჩიკვაიძემ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველომ თაფლის ექსპორტით 762 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. გასული თვის 12 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე 110.4 ტონა თაფლი გაიტანა, მაშინ როდესაც 2022 წელს ექსპორტზე 1.1 მლნ აშშ დოლარის 258.1 ტონა თაფლი გავიდა.
მოცულობაში ექსპორტი 57.3%-ით, ღირებულებით კი 35.1%-ით შემცირდა. ყველაზე მეტი თაფლი საფრანგეთში, ჩეხეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში გაიყიდა.