საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეპურეების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე უხვადაა მაღალი ხარისხის ქართული ფქვილი.
კერძოდ, ქართული წარმოების ფქვილის დაბალ ხარისხთან დაკავშირებით მეპურეების განცხადებებს, გაერთიანება განცხადებით პასუხობს.
„პერიოდულად ჩვენი კოლეგა მეპურეების მიერ პრესაში ჟღერდება დაუსაბუთებელი ინფორმაციები, რომ თითქოს ქართული წარმოების ფქვილი ხარისხით იმპორტირებულს, კერძოდ რუსული წარმოების ფქვილს ჩამოუვარდება და მეპურეებს მაღალი წებოგვარის ფქვილზე წვდომა არ აქვთ.
ამ დღეებშიც გაჟღერდა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ დღეს ფქვილის იმპორტზე მოქმედი დამაბალანსებელი გადასახადის გამო პურის მწარმოებლებს მაღალი ხარისხის ფქვილზე წვდომა არ აქვთ.
ასოციაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ბაზარზე უხვად არის წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ქართული წარმოების მათ შორის ჩვენი ასოციაციის წევრი წისქვილკომბინატების ფქვილი, რომელიც არა თუ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება რუსული წარმოების ფქვილის ხარისხობრივ პარამეტრებს და საქართველოს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტთან სრულ შესაბამისობაშია.
ამასთან, საქართველოში ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ტონა იმპორტირებული მათ შორის რუსული წარმოების ფქვილი შემოდის, რაც სრულად უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენციას და ფქვილის არჩევანს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პურის მწარმოებელთა ასოციაციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელ განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. აგრეთვე, აღნიშნულ საკითხის ირგვლივ სიმართლის დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ(განმეორებით) ვთავაზობთ ჩვენს მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ შეთავაზებულ წინადადებას, რომელიც პრესაშიც იყო გამოქვეყნებული - მოხდეს ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილების ხარისხის შედარება“, - აცხადებენ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.




























