მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების მატრასების ექსპორტი აშშ-ში იგეგმება - Royal Georgia-ს პროექტები

63ea1e3d5d247
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.23 18:54
1275
ორთოპედიული მატრასების ადგილობრივი მწარმოებელი „როიალ ჯორჯია“ მიმდინარე წელს ბათუმში ახალი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 1 მლნ ლარია.

როგორც BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა თეა მაისურაძემ უთხრა, დღეისთვის თბილისში მოქმედი საწარმო ოცამდე დასახელების მატრასს აწარმოებს და მისი წლიური საწარმოო სიმძლავრე 800 მატრასია. კომპანია ასევე ბალიშების იმპორტს და შეფუთული ჯიბის ზამბარას წარმოებას ახდენს, რაც მატრასების წარმოებისთვისაა საჭირო. დღეს კომპანია 30 ადამიანს ასაქმებს.

„მიმდინარე წლის შემოდგომიდან ბათუმში ახალი საწარმო ამოქმედებაზე ვმუშაობთ, რომელიც ჩვენს არსებულ წარმადობას დაახლოებით 40%-ით გაზრდის. დაახლოებით 1 მლნ ლარის ღირებულების პროექტი 30-40 სამუშაო ადგილს შექმნის და კომპანიას ექსპორტის განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა თეა მაისურაძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ „როიალ ჯორჯიას“ მიერ წარმოებული შეფუთული ზამბარა აზერბაიჯანში იყიდება. გასულ წელს ჯამში ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტით კომპანიამ 37 000 დოლარის შემოსავალი მიიღო. თეა მაისურაძე აღნიშნავს, რომ საწარმოოს სიმძლავრეების გაზრდა მათ აშშ-ს მიმართულებით მატრასების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

„ქართული ბაზრისთვის წარმოებული მატრასი უცხოეთში ვერ გადის, რადგან იქ მოთხოვნა სხვა ტიპის პროდუქტზეა, რომელიც ხის კარკასითაა შეკრული. სწორედ ასეთი მატრასების წარმოება იგეგმება ახალ საწარმოში. აშშ-ში ექსპორტზე გასვლისთვის მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, ზაფხულის ბოლოსთვის შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ საწარმოც ამოქმედდება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

„როიალ ჯორჯიამ“ გასულ წელს 2 ახალი ფილიალი თბილისსა და ფოთში გახსნა, ერთ მაღაზიას კი ზუგდიდში მართავს. ამასთან ერთად, კომპანია მიმდინარე წელს კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას ბათუმში გეგმავს. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივ ბაზარზე მატრასებზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები