მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული Wondernet Group-ი აქთაუს პორტში სასუქების ახალ ტერმინალს ააშენებს

მამუკა მურჯიკნელი

Wondernet Express Investment Group-ი, ყაზახ პარტნიორებთან ერთად, აქთაუს პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის აშენებას გეგმავს.

პროექტის განსახორციელებლად „ყაზაზოტს“, „აქთაუს საზღვაო პორტსა“ და Wondernet Express Investment Group-ს შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

როგორც Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი BMG -სთან აცხადებს შუა აზიის ქვეყნებში მინერალური სასუქების საწარმოო სიმძლავრეების გაზრდამ გააჩინა პოტენციალი აშენდეს ტერმინალი აქთაუს პორტში, რომელიც მოემსახურება როგორც „ყაზაზოტის“ მიერ გამოშვებულ პროდუქციას, ასევე ამ ტერმინალიდან მოხდება სხვა ქვეყნებიდან წამოსული სასუქის ქართული პორტებისკენ ტრანსპორტირება.

„უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ, ვემსახურებით ტვირთებს რომელიც მოედინება "შუა დერეფნით" ცენტრალური აზიიდან და შავი ზღვის პორტების გავლით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნება. დავინახეთ პოტენციალი და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ყაზახ პარტნიორებთან ერთად ავაშენოთ სასუქების ტერმინალი „აქთაუს პორტში“. მომავალში განვიხილავთ ტვირთის წამოღებას შუა აზიის სხვა ქვეყნებიდანაც. აღსანიშნავია, რომ „ყაზაზოტი“ აწარმოებს გვარჯილას და კომპანიამ ასევე დაიწყო კარბამიდის ახალი ქარხნის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ საინტერესო პროექტია“ - ამბობს „საქმის კურსთან“ მამუკა მურჯიკნელი.

მისი თქმით, ამჟამად პროექტის დეტალების დამუშავება მიმდინარეობს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ტერმინალის სიმძლავრისა და ინვესტიციის მოცულობა.

"ვაპირებთ, ძალიან მოკლე ვადებში ავაშენოთ ტერმინალი და დავიწყოთ ტვირთის მომსახურება, რაც შეამოკლებს მარშრუტს და უფრო მოკლევადიან პერიოდში იქნება შესაძლებელი წარმოებული ტვირთი ცენტრალური აზიიდან მივიდეს საბოლოო დანიშნულების ადგილზე ევროპასა თუ ამერიკის კონტინენტზე", - აღნიშნავს მურჯიკნელი.

აღსანიშნავია, რომ „ყაზაზოტმა“ „შუა დერეფნის“ გავლით პროდუქციის გატანა ისტორიაში პირველად, 2024 წლის თებერვალში დაიწყო. კომპანია ამონიუმის ნიტრატს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ბათუმის პორტიდან აწვდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები