მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წყალი ფასით საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის - თემურ ჭყონია

61eec27094069
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.22 22:00
17546
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წყლის ქვეყანაა, მიუხედავად ამისა ჩვენი წყალი საერთაშორისო ბაზარზე იაფი არ არის - ამის შესახებ BM.GE-სთან „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია საუბრობს.

მისი შეფასებით, მსოფლიოში წყლის მწარმოებელი წამყვან კომპანიებთან კონკურენციაში შესვლა რთულია, რადგან მათ ხარისხთან ერთად მომხმარებლის ნდობაც აქვთ მოპოვებული.

„მსოფლიო ბაზარზე წყლის ბიზნესში ძალიან დიდი კონკურენცია პროდუქტის ღირებულებიდან გამომდინარეობს. დიდ კომპანიებს წყლის ბიზნესი იმდენად ოკუპირებული აქვთ, რომ მათი ჩანაცვლება ძალიან რთულია. ზოგიერთ ქვეყანა, მაგალითად თურქეთი თავის წარმოებებს ექსპორტზე სუბსიდირებასაც უკეთებენ, რომ დიდი მოცულობით წყალი გაიტანონ. მსოფლიოში მოთხოვნილება წყალზე დიდია, მაგრამ კონკურენცია ფასებშია. ზოგიერთი დიდი კომპანია უფრო ძვირად ყიდის წყალს რადგან მათი მომხმარებლის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წყლის ქვეყანაა, ჩვენი წყალი საერთაშორისო ბაზარზე იაფი არ არის. ცოტა ძვირია წყალი ჩვენთან. ჩვენი წყალი ფასით კონკურენტუნარიანი არ არის, რადგან რაღაც საქონელი - ნედლეული და ა.შ. უცხოეთიდან შემოგვაქვს და მასზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზარზე კი წყლის ხარისხთან და ნდობასთან ერთად ფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს თემურ ჭყონია.

მაღალი კონკურენციის მიუხედავად „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მენეჯმენტი წყალი „მთის“ აზერბაიჯანის ბაზარზე შეტანას და იქ Bon Aqua-ს ადგილის დაკავებას გეგმავს. მიზნის მიღწევას თემურ ჭყონია აზერბაიჯანში „კოკა-კოლას“ მწარმოებელთან თანამშრომლობით აპირებს, რომელიც ქვეყანაში წლიურად 15 მლნ ბოთლი Bon Aqua-ს ყიდის, რაც აზერბაიჯანში წყალზე არსებული მოთხოვნის 10-15%-ს შეადგენს.

ცნობისთვის: მინერალური და მტკნარი წყლები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც უმსხვილესი საექსპორტო საქონლის 10-ეულში 3.3%-იანი წილით მეექვსე ადგილი უკავია. 2021 წელს საქართველომ მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტით 141.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საექსპორტო მაჩვენებელს 21.6%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები