2025 წელს არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური კავშირებში შემცირებაა. კლება ფიქსირდება როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ფულადი გზავნილებისა და FDI-ის კუთხით. პარალელურად, გასული წლის კლების შემდეგ, მცირედი ზრდა ტურიზმში შეინიშნება. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ გრიგოლ ბაიბურთს ვკითხეთ, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს და ამ ამჟამად, სომხეთში საქმიანობს.
- თქვენი დაკვირვებით, წლიდან წლამდე რამდენად ღრმავდება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები, სად გვაქვს გამოწვევები და რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკონომიკური თანამშრომლობა?
- სომხეთსა და საქართველოს შორის ნამდვილად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები. განსაკუთრებული პიკი არის ალბათ ბოლო ორი-სამი წელი. ყველა დიდი ქართული ბიზნესი არის წარმოდგენილი ამა თუ იმ ფორმით სომხეთში. აქტიურად ვითარდება ის მიმართულებები, რომელიც საქართველოში არის განვითარებული უფრო, ვიდრე - სომხეთში და ასეთი მიმართულება რეალურად ბევრია. ჩვენი ბიზნესი გრძნობს ამას და აქტიურად შემოდის სომხეთის ბაზარზე.
უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ზოგადად, ბევრი ინდუსტრიისთვის შესაძლებლობის ბაზარია; ჩვენმა ბიზნესმა ეს იგრძნო და დაიწყო ექსპანსია. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ სახელმწიფოს და ადგილობრივი ბიზნესის მიდგომები ქართულ ბიზნესთან არის ძალიან დადებითი. როგორც სახელმწიფო სექტორი, ასევე ბიზნეს სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვხვდებით მათი კონკურენტები, იღებენ ამას ძალიან დადებითად. პლუს ბიზნესის კეთება და სახელმწიფო მიდგომა, მე ვგულისხმობ საგადასახადო პოლიტიკას, რეგულაციებს, არის საინტერესო ბევრი სექტორისთვის. განსაკუთრებით იმ სექტორებისთვის, რომლებიც საერთოდ არ არის განვითარებული.
- ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, რომ საზღვარზე სხვადასხვა ბიზნესებს აქვთ პრობლემები. მაგალითად, კონიაკის მწარმოებლებს ჰქონდათ პრობლემა საზღვარზე; ახლა გავიგეთ, რომ თხევადი გაზის იმპორტიორებს აქვთ პრობლემები. ხომ არ გამკაცრდა საზღვარზე კონტროლი და რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს?
- პირველად არ არის მსგავს პრობლემებზე საუბარი... ყოველ შემთხვევაში აქაური სომხური ბიზნესი ამაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა კულუარებში, ვგულისხმობ სომხეთში, რა თქმა უნდა, საუბრობენ თუ რატომ იცვლება მიდგომები; თუმცა ახლა ეს ყველაფერი მიდის კულუარების დონეზე, სახელმწიფო დონეზე არავინ არაფერს არ საუბრობს. არც ჩვენთან, არც - სომხეთში.
პერმანენტულად არის ხოლმე ასეთი გამოწვევები. შარშანაც იყო, შარშან წინაც იყო. მე არ მინდა მოვახდინო ამ საკითხის პოლიტიზება, თუმცა, რა თქმა უნდა, არც გამოვრიცხავ. ახლა ცხადია, რომ სომხეთმა აბსოლუტურად რადიკალურად შეცვალა კურსი.
პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი იმ ლიდერების სიაში შევიდა, რომელიც კარდინალურად შეცვლის ალბათ რეგიონის გეოპოლიტიკას და ზოგადად, სიტუაციას რეგიონში. ეს ეხება სამშვიდობო ხელშეკრულებას, ეს ეხება ზანგეზურის დერეფანს და ბევრ სხვა ნიუანსს. ეს ეხება ძალიან აქტიურ კავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან. ამერიკამ განაცხადა, რომ ის აიღებს ზანგეზურის დერეფნის მართვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო ორივე მხარისთვის. ეს ყველა ნიუანსი, მაგალითად, სომხური ბიზნესისთვის ხდება გარანტი განვითარების და ხალხიც ხვდება, რომ ეს არის ის გზა, რომელიც სჭირდება დღეს სომხეთს. სომხეთს სჭირდება კარგი მეგობრული ურთიერთობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რა თქმა უნდა.
- რამდენად არის დაინტერესება სომხური ბიზნესის მხრიდან, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები?
- ზოგადად ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო ყოველთვის იმ თვალსაზრისით, რომ სომხური ბიზნესი ნაკლებად შემოდიოდა საქართველოში. ეს ისტორიულად ასე იყო. ანუ არასოდეს არ ყოფილა პიკი პირობითად რომ სომხური ორი მსხვილი კორპორაცია, ჰოლდინგი შემოსულიყო საქართველოში. ყოველთვის, კითხვას რომ ვუსვამდი - რატომ - იყო ნიუანსები, რომელიც რა ვიცი, ნუ აი, ძალიან სენსიტიური იყო იმ დონეზე, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს.
პროცესებს აკვირდებიან. ყველა აფასებს თავისებურად. სომხეთშიც სიტუაცია ანუ პოლარიზაცია არის საკმაოდ მაღალი. ანუ ყველა მხარე უყურებს თავისებურად და ყველა აფასებს მოვლენებს, როგორც მათ აწყობს, მოდით, ასე ვთქვათ; თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ რეგიონში სამივე ქვეყანა უნდა ფიქრობდეს ერთზე, უნდა ფიქრობდეს სწორ გეზზე, უნდა ფიქრობდეს თავისი ქვეყნების განვითარებაზე და სამივე ქვეყანა ცალსახად ხედავს, რომ განვითარების ერთადერთი გზა არის სწორი კურსი, რომელიც არის ევროპა და ამერიკა. მე ასე ვაფასებ და ასე ვხედავ ამ ყველაფერს აქედან [ერევნიდან] და თბილისიდანაც.



























