2025 წელს არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური კავშირებში შემცირებაა. კლება ფიქსირდება როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ფულადი გზავნილებისა და FDI-ის კუთხით. პარალელურად, გასული წლის კლების შემდეგ, მცირედი ზრდა ტურიზმში შეინიშნება.
BM.GE დაინტერესდა რით ვაჭრობს და როგორია ექსპორტ-იმპორტის დინამიკა ქვეყნებს შორის და ამასთან ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, სომხეთიდან საქართველოში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ.
სავაჭრო ბრუნვა
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 5 თვის ჭრილში ექსპორტ-იმპორტი მეორე წელია მცირდება. წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 6.4%-ით 280 მილიონ 362 ათას დოლარამდე შემცირდა, რაც ექსპორტის კლებით იყო განპირობებული. უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის სომხეთთან ვაჭრობის სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზობელი სახელმწიფოში ექსპორტი იმპორტს აღემატება. ამგვარად სომხეთმა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 2.9%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-მაისში საქართველომ სომხეთში საქონლის ექსპორტით 198 მილიონ 477 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 11.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თავის მხრივ ექსპორტის შემცირება სომხეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ განაპირობა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურების პირობებში, სომხეთის მიმართულებით უმსხვილეს საექსპორტო საქონელში პირველ ადგილს სწორედ მსუბუქი ავტომობილები იკავებს.
5 თვის მონაცემებით, საექსპორტო საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $20.4 მლნ, 883 ცალი;
- ეთილის სპირტი - $15.3 მლნ, 2 481 446 ლიტრი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $9.6 მლნ, 11 498 ტონა;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები - $7.7 მლნ, 83 ცალი;
- მინერალური წყლების შაქრის დანამატებით - $4.8 მლნ, 5 053 281 ლიტრი;
- ნართი სინთეზური ბოჭკოებისაგან, საცალო გაყიდვისათვის დაუფასოებელი - $4.7 მლნ, 2 492 ტონა;
- ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები - $4.4 მლნ, 466 ტონა;
- ნაქსოვი ხალიჩები - $4.4 მლნ, 1 747 ტონა;
- ახალი ან გამხმარი ციტრუსი - $3.7 მლნ, 6 404 ტონა;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $3.5 მლნ, 37 ტონა;
რაც შეეხება სომხეთიდან საქართველოში იმპორტს, წელს ამ ქვეყნიდან 81 მილიონ 885 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ, რაც 10.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სომხეთიდან უმსხვილესი საიმპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $20.9 მლნ, 11 628 ტონა;
- სიგარები, სიგარილები, სიგარეტები - $14.8 მლნ, 909 ტონა;
- მინის ბოცები და ბოთლები - $11 მლნ, 24 680 ტონა;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $6.6 მლნ, 752 ტონა;
- ელექტროენერგია - $4.3 მლნ, 65.6 მლნ კვტ.სთ;
- მსუბუქი ავტომობილები - $2.3 მლნ, 36 ცალი;
- მოჭრილი ყვავილები და კოკრები - $1.7 მლნ, 313 ტონა;
- შესაფუთი პლასტმასის ნაწარმი - $1.5 მლნ, 891 ტონა;
- დაკონსერვებული ნაყოფები და მცენარეები - $1.2 მლნ, 336 ტონა
- ახალი ან გამხმარი ყურძენი - $853 ათასი, 950 ტონა;
FDI
სომხეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წლების განმავლობაში არც ისეთი მოცულობითი იყო. მეზობელი ქვეყნიდან ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების 2003 წლიდან ინტერესდებიან და რიცხვებმა რეკორდულ მაჩვენებელს გასულ - 2024 წელს მიაღწია და 22.5 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2025 წლის I კვარტალს, ამ პერიოდში სომხეთიდან FDI-ის სახით 5.3 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს [$6.9 მლნ] ჩამორჩება.
ფულადი გზავნილები
2025 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან საქართველოში 5 790 400 დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ამავე პერიოდში გადმორიცხულ თანხას 1.3%-ით ჩამორჩება. ამასთან, წელს სომხეთში საქართველოდან 4 599 800 დოლარი გადაირიცხა, რაც ასევე გასულ წელთან შედარებით 12.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ტურიზმი
სომხეთი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, TOP-ქვეყნების რეიტინგში მეზობელი სახელმწიფოების - რუსეთისა და თურქეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. 2025 წლის პირველ ნახევარში, სომხეთიდან 390 788 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 0.8%-ით აღემატება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს სომხეთიდან ვიზიტების რაოდენობა წლიურად 1.4%-ით 948 299 ვიზიტამდე შემცირდა. 2021 წლის შემდეგ სომხეთიდან ვიზიტების რაოდენობა გასულ წლამდე მზარდი იყო, თუმცა პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან [1 365 048 ვიზიტი] შედარებით სომხეთიდან ტურიზმი ჯერ ვერ აღდგა.
საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში არსებულ სირთულეებზე სომხეთში კერძო სექტორის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. კონკრეტულად კი საქმე საქართველოში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სხვადასხვა სახის დასახელების პროდუქტის მონიტორინგსა და დაგვიანებით გატარებებს ეხება. საკითხი დღის წესრიგში თავდაპირველად გაზაფხულზე დადგა და სომხური კონიაკის ექსპორტს შეეხო, რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგნენ თხევადი გაზის იმპორტიორები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სომხეთში კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს. თუმცა ამის შემდეგაც სომეხი ექსპორტიორები საზღვარზე არსებულ პრობლემებზე და აქედან გამომდინარე ბიზნესისთვის შექმნილ სირთულეებზე საუბრობდნენ. საკითხი კიდევ ერთხელ სომხეთში თხევადი გაზის იმპორტის შეფერხებისას გააქტიურდა.




























