"ქართულმა ოცნებამ" ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის წერილი გაავრცელა, სადაც ისინი უსამძიმრებენ ბათუმში, "ოცნების ქალაქში" დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახებს.
„ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან.
მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას”, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების წერილში.
15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.