ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.
ასე ეხმაურება მელაშვილი ქართული მხარის მიერ ევროკავშირში გაგზავნილ ანგარიშს, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ ზუსტად 31 აგვისტოს დადგენილი ვადის ბოლო დღეს, წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხელისუფლება 55-გვერდიან პასუხში ამტკიცებს, რომ მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი. თუმცა რადიო თავისუფლებას ბრიუსელში წყარო ეუბნება, რომ მიღებული პასუხები „დაუსაბუთებელია“ და სათანადოდ ვერ უპასუხებს ევროკომისიის შეშფოთებას.
"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა. მათ არ შეასრულეს არც ერთი რეკომენდაცია, გააძლიერეს ანტიდასავლური პროპაგანდა, ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებზე, ასევე თავდასხმა გაერთიანებულ სამეფოზე, ანტიდემოკრატიული კანონები პირიქით უფრო მეტად აამოქმედეს, დააყადაღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, პოლიტპატიმრები არ არიან გამოშვებულნი. ამ ყველაფრის ფონზე ევროკავშირს აღარ უტოვებენ გამოსავალს. იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი ჯერჯერობით ბლოკავს ინდივიდუალურ სანქციებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისადმი, ევროკავშირს რჩება [ბერკეტად] უვიზო რეჟიმის ჯერ შეჩერება და მოგვიანებით კი გაუქმება. ეს პროცედურა თავისთავად საკმაოდ რთულია. ვიცით, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც ევროკავშირმა აქამდე შეწყვიტა უვიზო მიმოსვლა, ვანუატუა და დღეს "ქართულმა ოცნებამ" საქართველო ფაქტობრივად ვანუატუს დონეზე დაიყვანა", - აცხადებს მელაშვილი.
ბრიუსელში გაგზავნილ ანგარიშში "ქართული ოცნების" მთავრობა ამტკიცებს, რომ ერთგულია ევროპული ინტეგრაციისა. რადიო თავისუფლება წერს, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონის მიღებას, ქართული მხარე ასე ხნის: „ელიტური NGO-ები არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში“ და ამიტომ გახდა FARA-ს მიღება საჭიროო. „უცხოური დახმარების ბოროტად გამოყენება რევოლუციური სცენარების მხარდასაჭერად“ - ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რითაც “ოცნება” FARA-ს მიღებას ამართლებს.




























