მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართველები ჩვენი მომხმარებლის მხოლოდ 2-3%-ს შეადგენენ - ქართული მოდის სახლი

63f235a365536
ლიკა მეგუთნიშვილი
19.02.23 21:21
959
ქართველი დიზაინერების მიერ წარმოებული სამოსი ადგილს მაღალ საფასო სეგმენტში იკავებს, სწორედ ამიტომ, მათი პროდუქციის რეალიზაციის ძირითადი წილი სწორედ ექსპორტზე მოდის, ქართველები კი საერთო მომხმარებლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ.

ქართული მოდის სახლ Materiel-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის თქმით, ქართველები ბრენდის მომხმარებლის მხოლოდ 2-3%-ს შეადგენენ. ამას კი პროდუქციის მაღალ ღირებულებასთან ერთად ისიც განაპირობებს, რომ ქართველები ელექტრონული კომერციით ვაჭრობას ერიდებიან.

„ჩვენი სამოსი ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და საერთაშორისო ბაზარზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მოთხოვნა ძალიან დიდია. სამწუხაროდ, საერთაშორისო მასშტაბთან შედარებით, ქართველი მომხმარებლის პროცენტული წილი ძალიან დაბალი მხოლოდ 2-3%-ია. ეს იმანაც განაპირობა, რომ ჩვენი მაღაზია ლესელიძის ქუჩაზე დაიხურა, ქართველი მომხმარებელი კი, ონლაინ გამოწერას ხშირ შემთხვევაში ერიდება და ურჩევნია, სამოსი ტანზე მოირგოს. ახლა ათონელის 23 ნომერში მაღაზია COLLECT გაიხსნა, სადაც Materiel-იც არის წარმოდგენილი და იმედია, ადგილობრივი მყიდველის რიცხვიც გაიზრდება“, - აცხადებს ანა ვეფხვაძე.

ქართველი მომხმარებლების სიმცირეზე საუბრობს დიზაინერი ნინა ზარქუაც. მისი თქმით, მიუხედავად სურვილისა, მაღალი ფასის გამო ქართველი მომხმარებელი პროდუქციის შეძენას ვერ ახერხებს.

ქართველი მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, უახლოს მომავალში ბრენდ „ZARQUA”-ს დამფუძნებელი ფეხსაცმლის ახალი ხაზის დამატებას გეგმავს, რომელიც შედარებით ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„არც ერთი ქართველი დიზაინერი, რომელიც თავის ნაწარმს უცხოეთში ყიდის, საქართველოში ამავე პროდუქტს იაფად ვერ გაყიდის. ამიტომ, ქართველი მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქციის ყიდვა რაღაც დოზით ფუფუნებაა. ჩემი ოცნება და ძალიან დიდი სურვილი იყო ყოველთვის, რომ გვყოლოდა ქართველი მომხმარებელი. თუმცა სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ფასიდან გამომდინარე ადგილობრივებში ბევრი მომხმარებელი არ გვყავს. მოგეხსენებათ, თუ ხარისხი გვინდა მაღალი, ფასიც შესაბამისი იქნება. ჩვენს ფეხსაცმელებზე ქართველი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა დიდია, თუმცა შეძენის რესურსი არ აქვთ, ამიტომ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ფეხსაცმლის მეორე ხაზზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ნინა ზარქუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები