ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ იცის, რომ გარკვეული მოთხოვნები უნდა შესრულდეს.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრაზე განუცხადა, რომ მიუღებელია ის ქმედებები, რაც ხელისუფლებამ პროევროპული აქციების დროს გამოიყენა.
"ქართველებმა ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ. არსებობს წესები, არსებობს კრიტერიუმები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა შესრულდეს. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მიმართ განსხვავებული მიდგომა არ გვაქვს. მქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაგრამ ფაქტია, რომ მათთან საუბარი საჭიროა. თუ მათთან არ ვისაუბრებთ, რთულია დავარწმუნოთ იმაში, რაც არ მოგვწონს. ვენაში შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს და მას ვუთხარი, რომ რთულია იმის მიღება, როგორც მოექცნენ დემონსტრაციებს და დემონსტრანტებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კომისია საკუთარ საქმეს სათანადოდ შეასრულებს და ჩვენ ინფორმირებულები ვიქნებით, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულ წესებს არ დააწესებენ, ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას", - ამბობს ის.




























