მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველებს აქვთ ძლიერი მხარდაჭერა. აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება" - 6 სენატორი ზურაბიშვილს ესაუბრა

ბენ კარდინი

6 ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა აქვს და ამან უნდა შეახსენოს "ქართულ ოცნებას", რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში. ამის შესახებ სენატორებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს.

კერძოდ, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი, 5 სენატორთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. შესაბამისი ინფორმაცია სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ძალადობის ფონზე, თავმჯდომარე კარდინმა და სენატორებმა: ჯინ შაჰინმა, ჯიმ რიშმა, კრის კუნსმა, ლინდსი გრეჰემმა და დიკ დურბინმა სალომე ზურაბიშვილთან "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ ძალადობის გამო და აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.

"ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტს ზურაბიშვილს, რათა გამოგვეხატა ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერა მისი ხელმძღვანელობის მიმართ და სერიოზული შეშფოთება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი და სასტიკი პასუხის გამო, რომელიც მოჰყვა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.

დღეების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის უფლება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს, რომლებსაც სურთ მომავალი ევროკავშირში. საქართველოს მოსახლეობას აქვს ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ამან უნდა შეახსენოს "ქართულ ოცნებას", რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში.

ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებას მისი განზრახვის შესახებ, გამოიყენოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ინსტიტუტების ძირის გამოთხრასა და ხალხის წინააღმდეგ ძალადობაზე და ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები გადაიდგმება ამ პროცესის დასაჩქარებლად.

მომავალი დღეები კრიტიკული იქნება საქართველოს მომავლისთვის და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს თავისი 32-წლიანი ტრადიცია მყიფე, მაგრამ დიდი ბრძოლის შედეგად მიღწეული დემოკრატიის მხარდასაჭერად",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები