მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ძიუდოისტი, ლუკა მაისურაძე ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ლუკა მაისურაძე

ძიუდოს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) სადისციპლინო კომისიამ გამოაქვეყნა 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 26 წლის ძიუდოისტს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა და 2024 წლის 16 ოქტომბრამდე ვერ იჭიდავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფალავანი ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს.

“კომისიაში შემოსული დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრებო ტესტირების დროს, GADA-ს დოპინგ კონტროლის ოფიცერმა(DCO) აიღო ლუკა მაისურაძისგან შარდის ნიმუში, რომელიც გაიყო ორად და მიეცა საცნობარო ნომრები A1190309 (A ნიმუში), B1190309 (B ნიმუში). ტესტირების ჩატარების პროცესზე, ლუკა მაისურაძეს შენიშვნა პროცესის მიმართ არ ჰქონია, რის შესახებაც მითითებულია დოპინგკონტროლის ფორმაში და დადასტურებულია ხელის მოწერით. იმავე დღეს, 2023 წლის 12 აპრილს ნიმუში გადატანილი იქნა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიერ (WADA) - აკრედიტებული ლაბორატორიაში, დოპინგის ლაბორატორია, კელნი, გერმანია (ლაბორატორია).

ლაბორატორიამ, გააანალიზა A ნიმუში WADA-ს ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ნიმუშის ანალიზმა დაადასტურა არასასურველი ანალიტიკური შედეგი: (AAF) – S1.2 სხვა ანაბოლური აგენტები/ანობოზარმი (ოსტარინი). შედეგის შესახებ ლაბორატორიამ საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს აცნობა 2023 წლის 9 ივნისს. 5 დეკემბრის საქართველოს ანტიდოპინგური წესების 10.6 მუხლის 10.6.1.2. პუნქტის შესაბამისად სპორტსმენს სანქციის სახით უნდა განესაზღვროს ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია" - ნათქვამია ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაცია ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა დროებითი დისკვალიფიკაციის პერიოდიც (50 დღე), რის გამოც დისკვალიფიკაცია მიმდინარე წლის 16 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში დოჰას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მაისურაძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დაამარცხა და კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. უკანასკნელად ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ სლემზე 2 დეკემბერს იჭიდავა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, მას შემდეგ ქართველ სპორტსმენს არცერთ ოფიციალურ ტურნირზე არ უასპარეზია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები