რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს “აბსურდის თეატრს” უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს მისწრაფება ყოველთვის იყო ევროპა და წარმოუდგენელია მტკიცება, რომ საქართველოში ევროპის ქვეყნები პრობლემებს იწვევენ - ამის შესახებ ბურჯანაძემ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.
“ჩემთვის ეს აბსურდის თეატრია, სადაც უნდა ამტკიცო, რომ თეთრი თეთრია და შავი - შავი და ვიღაც დემაგოგიურად გიმტკიცებს, რომ თეთრი შავია, უბრალოდ შენ ვერ ამჩნევ.
საქართველოს უახლოესი 30 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, თავისი წინაღობებით და პრობლემებით, ქართველი ერის შინაგანი ლტოლვა ყოველთვის იყო ევროპა - ეს რამე თავსმოხვეული არ არის. და როდესაც შენს შინაგან ლტოლვაზე გეუბნებიან, რომ ევროპა მტერია და თუ რამე პრობლემაა ქვეყანაში, მათი წილი ამ პრობლემის შექმნაში დიდია, უბრალოდ წარმოუდგენელია”, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი 28-29 აპრილს თბილისში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” კონტრაქციასაც გამოეხმაურა.
“ის, რაც 29 აპრილს მოხდა, არის ჩვენი თაობის სირცხვილი, ჩემთვის გაუგონარი რეალობა. ის თაობა გადაგვარჩენს, რომელიც 28 აპრილს იდგა და ამტკიცებდა, რომ უნდათ ევროპა და არიან ნამდვილი, თანამედროვე ადამიანები - ამის ძალიან მწამს. მხოლოდ ეს იქნება მომავლის შემქმნელი.
საქართველოს ისტორიაში მედროვეები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ჩვენ ცივილიზაციასა და განვითარებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. დღესაც ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, მაგრამ დღეს სურათს მთლიანად ცვლის სულ სხვა თაობა, რომლებიც ისე ჩაანაცვლებენ ამ მედროვეებს, რომ თავადაც კი უბედნიერესები იქნებიან - მხოლოდ ამის იმედი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ დაიხურავ ქუდს და უცხოეთში წახვალ, რომ გადაარჩინო შენი მომავალი თაობა”, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ცნობისთვის, 28 აპრილს “რუსული კანონის” საწინააღმდეგო “ევროპულ მარშში”, Visioner-ის შეფასებით, 106 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც დედაქალაქიდან, თვითდინებით გამოვიდა. ასევე Visioner-ის ინფორმაციით, 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციას, სადაც მმართველმა პარტიამ ხალხი რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა, 97 900-მზე ადამიანი დაესწრო.