UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ ფინალისტების ვინაობა გაირკვა. 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მილანის “ინტერი” და “პარის სენ-ჟერმენი” დაუპირისპირდებიან.
შედეგად ხვიჩა კვარაცხელია გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რიგით მესამე ფეხბურთელი, რომელიც UEFA-ს საკლუბო ტურნირების ფინალში იასპარეზებს.
პირველი ფეხბურთელი ასეთი მიღწევით კახა კალაძე იყო, რომელიც “მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გავიდა, საიდანაც ორ შემთხვევაში ითამაშა და გაიმარჯვა კიდეც.
პირველად 2003 წელს კალაძემ “იუვენტუსის” წინააღმდეგ იასპარეზა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ლიგის თასი მოიგო. მოგვიანებით 2005 წელს მან “ლივერპულის” წინააღმდეგ ფინალი გამოტოვა და მილანელებმა ეს ფინალი დრამატულ ვითარებაში დათმეს, ხოლო უკანასკნელად ის 2007 წელს კვლავ მერსისაიდელებს დაუპირისპირდნენ და კახამ კარიერაში რიგით მეორე ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მას შემდეგ არცერთ საკლუბო დონეზე საქართველოს 8 წლის განმავლობაში ფინალებში წარმომადგენელი არ ჰყოლია. 2015 წელს კი ნაკრების იმ დროინდელი კაპიტანი ჯაბა კანკავა “დნიპრო დნიპროპეტროვსკთან” ერთად ამჯერად რანგით მეორე დონის, ევროპა ლიგის ფინალში სენსაციურად გავიდა და შედარებით ძლიერ “სევილიასთან” დამარცხდა.
ახლა კი 10 წლის შემდეგ, ხოლო უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას თუ ავიღებთ 18 წლის შემდეგ, კიდევ ერთ ქართველს ხვიჩა კვარაცხელიას მიეცემა შანსი გახდეს ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული.
შეგახსენებთ, რომ "პსჟ" ფინალში 2020 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. პირველ ჯერზე პარიზელები მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდნენ. ამჯერად ფინალი 31 მაისს სწორედ მიუნხენის “ალიანც არენაზე” შედგება.