მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველი მზარეულების საფრანგეთში გადამზადებას სახელმწიფო დააფინანსებს - GNTA განაცხადების მიღებას იწყებს

Ferrandi Paris

საფრანგეთის კულინარიულ სკოლა - Ferrandi Paris-ში მზარეულების გადამზადების მოკლევადიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება განაცხადების მიღებას იწყებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გადამზადების კურსს, კონკურსის წესით შერჩეული 10 საუკეთესო მონაწილე ქალაქ დიჟონში გაივლის. სწავლების პერიოდი კი 23 ივნისიდან 4 ივლისამდე გრძელდება. GNTA-ის გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო კურსი მოიცავს: კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას; ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას; მსოფლიო ტენდენციების გაცნობას; სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას. პროექტის პარტნიორი კი გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია

კურსდამთავრებულებს Ferrandi Paris-ის ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემათ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში სწავლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მოქმედ შეფმზარეულებს შეუძლიათ, რომლებიც არ არიან ბრენდ შეფები და მთავარი მზარეულები, თუმცა კანდიდატს 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

„Ferrandi Paris კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია, რომელიც 1920 წელს დაარსდა და საფრანგეთის კულინარიული სკოლების საუკეთესო ხუთეულში შედის. 2000-ზე მეტი წარმატებული საერთაშორისო კურსდამთავრებული - მათ შორის ცნობილი Michelin ვარსკვლავის მფლობელი მზარეულები. კამპუსები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დიჟონში — სადაც კულინარიასთან ერთად ღვინის ხელოვნების შესწავლაც ხდება“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

BM.GE დაინტერესდა - რა მიზნით დაიწყო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მზარეულების გადამზადების პროექტი და რა დაუჯდება ბიუჯეტს 10 მზარეულის გადამზადების მოკლევადიანი კურსის დაფინანსება. რაზედაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ გასტროტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტული მიმართულებაა. ამასთან უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველო ღვინისა და კულინარიის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, მრავალფეროვანი და ავთენტიკური სამზარეულოთი, ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციით - რაც აღიარებულია მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად.

„თანამედროვე ტურისტი ეძებს ავთენტიკურობას — ადგილობრივ ადამიანებთან ურთიერთობას, რეალურ ტრადიციებს, გემოსა და ისტორიას.

ქართული სუფრა, ტრადიციული კერძები და თბილი მასპინძლობა სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს. ღვინის ტურიზმისა და კულინარიის სინთეზი უნიკალურ გამოცდილებებს ქმნის, რაც განსაკუთრებულად იზიდავს საერთაშორისო ვიზიტორებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გასტროტურისტული პროდუქტის შექმნასა და პოპულარიზაციაზე. ამ მიმართულებით, წლის განმავლობაში, რიგი კომპლექსური აქტივობები ხორციელდება, როგორც ტურისტული პროდუქტისა და მარკეტინგის, ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანი შეთავაზების შექმნის მიმართულებით.

ამჟამად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართველ მზარეულებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში - Ferrandi Paris-ში, სადაც 2 კვირის განმავლობაში, გაივლიან კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, დაეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს და ამავდროულად გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვასა და მართვაში.

ეს მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ მოახდინონ ქართული კულინარიის კიდევ უფრო განვითარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგული კულინარია კვლავ რჩება მსოფლიო გასტრონომიის საფუძვლად და მისი ცოდნა შეუცვლელია კულინარიული განვითარებისთვის. მაგალითისთვის, ბასკურმა გასტრონომიამ მნიშვნელოვან პროგრესს სწორედ საფრანგეთში მიღებული ცოდნის გაღრმავების შედეგად მიაღწია. წამყვანი საერთაშორისო სკოლის სერტიფიკატი კარიერის ახალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს, რადგან ის აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ბრენდული სასტუმროებისა და რესტორნების მიერ“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ BM.GE-სთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

რაც შეეხება პროექტის დაფინანსების მოცულობას, რასაც სრულად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ GNTA-დან საჯარო ინფორმაციის წესით გამოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები