მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველი შეფის რესტორანი ბელგიაში საუკეთესო ხორცის რესტორნად დასახელდა

ზურაბ საბანაშვილი

ბელგიის ქალაქ ბრუგეში მდებარე რესტორანი De Verloren Hoek, იგივე "დაკარგული კუთხე" რომელსაც ქართველი შეფი ზურაბ საბანაშვილი ხელმძღვანელობს, ქვეყნის საუკეთესო ხორცის რესტორნად დასახელდა. ამის შესახებ თავად რესტორნის დამფუძნებელმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

ზურაბ საბანაშვილი უკვე 32 წელია ემიგრაციაში ცხოვრობს. პროფესიული გზის დასაწყისში, ის სწორედ იმავე ლოკაციაზე არსებულ მცირე კაფეში მუშაობდა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ თავად შეისყიდა და სრულიად ახალი, მაღალი კლასის რესტორნად გადააქცია.

როგორც თავად შეფი ამბობს, დღეს De Verloren Hoek ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციად ითვლება ბრუგეში, სადაც რესტორანში ჯავშანი მინიმუმ ორი თვით ადრე კეთდება.

„ვმუშაობთ ექსკლუზიურ პროდუქტებზე – მშრალად დაძველებულ პრემიუმ ხორცზე. ჩვენი მიმართულება ძირითადად ზღვის პროდუქტებია, თუმცა, ბელგიაში ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობას 58 მიშლენის ვარსკვლავოსანი შეფი იღებდა, ჩვენი რესტორანი საუკეთესო ხორცის რესტორნად დასახელდა. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა, რაც, ვფიქრობ, ჩვენს პოპულარობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – აცხადებს ზურაბ საბანაშვილი.

რესტორანი 55 სტუმარზეა გათვლილი და ამჟამად, 8 ადამიანს ასაქმებს. სტუმრებს უმასპინძლდება თავად შეფიც. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი დეტალია თითოეულ სტუმართან პირდაპირი კომუნიკაცია, კერძის წარდგენა და გემოსა და ღვინის სწორად შეხამებაში დახმარება.

„როდესაც ადამიანი ჩვენთან მოდის, მან იცის, სად მოდის. ეს არ არის ადგილი, სადაც უბრალოდ ქუჩაში გამვლელი შემოიხედავს. ადგილები წინასწარ იჯავშნება, სტუმრობა კი გამიზნული გამოცდილებაა. აქცენტი გვაქვს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხსა და დეტალებზე. ერთი პერსონის მომსახურების ღირებულება 60 ევროდან იწყება და 150 ევრომდე მერყეობს“, – ამბობს შეფი.

მისივე ინფორმაციით, მენიუში ქართულ პროდუქტებს იშვიათად შეხვდებით, თუმცა რესტორანში რამდენიმე სახეობის ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი, რომელსაც ამსტერდამში მცხოვრები ქართველი მომწოდებელი აწვდის. ძირითადი კონცეპტი კი ევროპულ კულინარიულ ტრადიციებზე და პრემიუმ ხორცეულზეა აგებული.

რაც შეეხება ინვესტიციებს, ზურაბ საბანაშვილი კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ რესტორანი ეტაპობრივად, შემოსავლების რეინვესტირებით განვითარდა და დღევანდელი იერსახე სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ შრომისა და ხედვის შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები