გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას. როგორც საქართველოში იტალიის საელჩო იტყობინება, 2024-2025 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს.
"სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის, დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია, რომლის გაგრძელება მომდევნო აკადემიურ წელს შეეძლებათ მრავალწლიანი ხანგრძლივობის კურსებზე ჩარიცხულ სტუდენტებს (9 თვიანი სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 ივლისამდე); ხოლო იტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის გაიცემა 3 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (მისი გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე).
სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად. უპირატესობა მიენიჭება იტალიის მთავრობის მიერ 2023-2024 წლისთვის გაცემული და გამოყენებული სტიპენდიის გაგრძელების მოთხოვნას", - იტყობინება იტალიის საელჩო.
აღსანიშნავია, რომ მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2024 წლის 14 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით).
წარმოდგენილი განაცხადების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შემფასებელ კომისიას უფლება აქვს, ჩაატაროს კანდიდატების წინასწარი შერჩევა და გასაუბრებაზე (ასევე, დისტანციური სახით) მოიწვიოს მხოლოდ მოკლე სიაში წარმოდგენილი კანდიდატები.