შიდა ტურიზმის მიმართულებით მცირე კლება შეინიშნება, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული ობიექტის "ლოპოტა სპა რეზორტი" კომერციულმა დირექტორმა, მაკა ღლიღვაშვილმა ისაუბრა.
მისივე თმით, ქართველი სტუმრები მოკლე ჯავშნის პერიოდით გამოირჩევიან.
"შიდა ტურიზმი "ლოპოტასთვის" 100%-დან 50%-ს წარმოადგენს. წლებია ასეა და ამ მიმართულებით თუ პირველ ორ კვარტალზე ვისაუბრებთ, წელს გარკვეული ცვლილებები იყო ამ მიმართულებით, რადგან ცოტა დაკლებულია შიდა ტურიზმის მიმართულება. მაგრამ, რადიკალური ცვლილება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება სეზონის პერიოდში ჯავშნებს, სამწუხაროდ, ქართველი სტუმარი ძალიან მოკლე ჯავშნის პერიოდით გამოირჩევა, ანუ გავრცელებულია ბოლო წუთის ჯავშნები, რის გამოც შესაძლებელია მომხმარებელმა სრულად დაჯავშნილი ნომერ ფონდის გამო, ვეღარ დაჯავშნოს მისთვის სასურველი ნომერი. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისო ტურისტი განთავსების ობიექტს ბევრად ადრე ჯავშნის და შესაბამისად, უფრო ადრე იყიდება ნომრებიც", - თქვა მან და დასძინა, რომ ახლა ქართული ბაზრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის, თუმცა ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება, ვინაიდან ოთახები აღარ არის.
Booking.com-ზე დაყრდნობით, მიმდინარე პერიოდში "ლოპოტა სპა რეზორტში" დასვენება ერთი ღამე, საუზმით 960 ლარიდან იწყება.
ინფორმაციისთვის, "ლოპოტა სპა რეზორტის" დასასვენებელი კომპლექსი კახეთში 2008 წლიდან ამოქმედდა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, კომპლექსში სასტუმრო ნომრების რაოდენობა 310-ს შეადგენს და ხოლო დასაქმებულთა რიცხვი, დაახლოებით 450-ია.




























