მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეშბექი, რიბეითი თუ სხვა სახის მსგავსი შემოსავალი განიხილება როგორც თვითღირებულების შემამცირებელი - „ნიკორა ტრეიდი"

ნიკორა ტრეიდის დირექტორი

„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი თემურ ალექსანდრია, საცალო ვაჭრობის ქსელებში ფასწარმოქმნისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის პრინციპებზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი სახის უკუგება (ქეშბექი, რიბეითი თუ რეტრობონუსი) საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განიხილება, როგორც პროდუქტის თვითღირებულების შემამცირებელი ფაქტორი და არა ცალკეული შემოსავალი.

„სრული სურათის დასანახად აუცილებელია მოგებიანობის მაჩვენებლებს შევხედოთ. ჩვენთვის ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ქეშბექი, რიბეითი თუ სხვა სახის მსგავსი შემოსავალი განიხილება, როგორც თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტი. შესაბამისად, რეტრობონუსის პროცენტულ მოცულობას არსებითი გავლენა არ აქვს, რადგან ჩვენ ფასწარმოქმნას ყოველთვის ნეტ-ფასიდან ვახდენთ.

რეტრობონუსების მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება პროდუქტის კატეგორიის მიხედვით, ამიტომ კონკრეტული პროცენტის დასახელება სრულ სურათს ვერ მოგვცემს. მაგალითად, ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, გარკვეული სახის ზეთები და რძის ნაწარმი, რეტრობონუსი საერთოდ არ არსებობს.

რაც შეეხება თაროზე განთავსების პოლიტიკას, მას დამოუკიდებლად ვწყვეტთ. თუ პროდუქტის განლაგება ჩვენი პრინციპების მიხედვით არ მოხდა, ბრენდის აღქმა გაუფასურდება. ამ საკითხში არანაირი რეტრობონუსის სანაცვლოდ კომპრომისზე არ წავალთ. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი რეტრობონუსი, მათ შორის თაროს გადასახადიც, მხოლოდ და მხოლოდ თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტია", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა პარლამენტში შექმნილ კომისიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები