მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქეშბექის" არსებობა ჩვენი მიზანი საერთოდ არ არის, ჩვენთვის დამატებითი ბუღალტერიაა“ - „დეილი ჯგუფი“

გეგენავა

„დეილი ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა, არჩილ გეგენავამ, პარლამენტში სასურსათო პროდუქტებისა და ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანიის მიზანი არაა „ქეშბექის“ არსებობა.

მისივე თქმით, კომპანია მზადაა გადაიდგას NET ფასზე, რაც პროცედურას ამარტივებს და „ქეშბექის“ აღრიცხვა აღარ სჭირდება.

„შეგვიძლია ამ „ქეშბექზე“ უსასრულოდ ვისაუბროთ, უბრალოდ ნამდვილად ფასწარმოქმნის ნაწილია. ჩვენი მიზანი ის, რომ "ქეშბექი" არსებობდეს, არ არის. ნეტფასზე გადასვლა ჩვენთვის არათუ პრობლემაა, პირიქით, გაამარტივებს. საბოლოო ჯამში ეს არაფერში გვჭირდება. ბუნებრივია გვესმის, რომ ეს პირდაპირ ფასზე არ იმოქმედებს, თუმცა გამჭვირვალობას გაამარტივებს, თვალნათლივ იქნება ყველაფერი, რომ ჯაჭვში შემავალ არცერთ მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სპეკულაციურად რაღაცაზე ილაპარაკოს.

წლების განმავლობაში, დღეის ჩათვლით, უამრავ მომწოდებელთან გვაქვს მცდელობა, რომ საერთოდ უპირობო იყოს ჩვენი კონსიგნაცია, არაფერს უბრუნებდეს. ნებისმიერ რამეს, რომელიც ორ მხარეს შორის დაარეგულირებს, მოაწესრიგებს, გამჭვირვალეს გახდის პროცესს, ჩვენ ღია ვართ“, - განაცხადა არჩილ გეგენავამ.

გეგენავამ კომისიის სხდომაზე ასევე წარმოადგინა „დეილი ჯგუფის“ ტოპ-5 ყველაზე გაყიდვადი პროდუქციის კატეგორია:

  • სიგარეტები – 23%-ზე მეტი წილი;
  • უალკოჰოლო სასმელები – 14%;
  • ტკბილეული – 12.5%;
  • ალკოჰოლური სასმელები – 8%-ზე მეტი;
  • კვერცხი/რძის ნაწარმი – 8%.

რაც შეეხება ფინანსურ მონაცემებს, არჩილ გეგენავას ცნობით, „დეილი ჯგუფის“ მიერ ოპერირებულ შპს-ებს 2025 წელს 1.5 მილიარდი ლარის ბრუნვა ჰქონდათ, ხოლო ყველა ფრენჩაიზის ბიზნესის ჩათვლით, ჯამში ჯგუფის ბრუნვა 3 მილიარდ ლარს აღემატებოდა.

ცნობისთვის, „დეილი ჯგუფი“ ერთი ჰოლდინგის ქვეშ აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: შპს „ფუდმარტი“ (ბრენდები „სპარი“, „იოლი“, „კალათა“), შპს „დეილი“, შპს „გვირილა რითეილი“ („გვირილა“) და შპს „რითეილ ჯგუფი“ („მაგნიტი“).

შეგახსენებთ, რომ კომისიის ექვსი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც განხილულ იქნა კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა და ტკბილეულის ბაზარი. 11 მარტის სხდომაზე მიწვეული იყვნენ მცირე და საშუალო ქსელები, დღეს კი კანონმდებლები ბაზრის ყველაზე მსხვილ აქტორებს უსმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები