მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქეშბექის მექანიზმი და გადახდის პირობები პირდაპირ გვირტყამს" - "ჯეო ნატურალსი"

გიორგი პარკაია

შპს „ჯეო ნატურალსის“ (ბრენდი, რომელიც ქართულ მზა კერძებსა და ხორცის კონსერვებს აწარმოებს) კომერციული დირექტორის, გიორგი პარკაიას განცხადებით, კომპანია 10 წელია არსებობს, თუმცა მუდმივად ზარალზე მუშაობს. მისი თქმით, რითეილ ქსელებში მოქმედი ე.წ. „ქეშბექის“ სისტემა მწარმოებლებს მძიმე პირობებში აყენებს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას ამჟამად 6 მილიონამდე ლარის სესხი აქვს, რომლის მომსახურებაც ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

„ჩვენ ვაწარმოებთ დაკონსერვებულ პროდუქციას, ქართულ მზა კერძებს, ასევე მოთუშულ ხორცს ე.წ. ტუშონკას. თავიდან, როდესაც შევქმენით კომპანია, იდეა იყო, რომ ქართული მზა კერძები მსოფლიოს სცნობოდა. უფრო სწორად, იცნობენ, მაგრამ მიზანი იყო, მომხმარებლამდე მიგვეტანა. მოკლედ, უკვე 10 წელია დაფუძნებული ვართ და სულ ზარალზე ვმუშაობთ.

ქეშბექს გვაჭრიან შეტანისთანავე, გადახდით კი გვიხდიან მაშინ, როცა გაყიდიან. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ გაყიდეს 20,000 ლარის პროდუქცია და გვირიცხავენ ამ თანხას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ამავდროულად, გვიგზავნიან 100,000 ლარის ახალ შეკვეთას. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისევ საბრუნავი საშუალება გვჭირდება, მივდივართ ბანკში და ვიღებთ სესხს მაღალ პროცენტში. ეს არის გაუთავებელი ჯაჭვი.

ჩვენი პრობლემა გადახდის პირობებია: ჯერ ერთი, არ ვიცით, ზუსტად როგორ და რას გვიხდიან. მეორეც, ცოტას გვიხდიან და გადახდები იწელება. შედეგად, დებიტორული დავალიანება ძალიან იზრდება და გვიწევს ბანკიდან დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, რაც, ბუნებრივია, ხარჯებს გვიზრდის.

თავიდან საქმიანობა სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტით დავიწყეთ, გვქონდა სესხიც. დღეს კი უკვე დაახლოებით 15-ჯერ მეტად ვართ დატვირთული და დაახლოებით 6 მილიონი ლარის სესხი გვაქვს, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად გვიზრდის. ეს გადახდის პირობები, როდესაც დროულად ვერ ვიღებთ თანხებს, ძალიან მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე, პირდაპირ გვარტყამს", - განაცხადა პარკაიამ.

კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ ურთიერთობა მწარმოებელსა და ქსელს შორის არაპროგნოზირებადია, რადგან კომპანიებმა ხშირად არ იციან რეალური ნაშთები და მათთვის კუთვნილი გადახდების ზუსტი მოცულობა.

დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ნედლეული დაახლოებით 35%-ით გაძვირდა. პარალელურად, მწარმოებლებისთვის საბანკო სესხის ეფექტური განაკვეთი საშუალოდ 17%-ს შეადგენს.

„17% წარმოუდგენლად მაღალია. როდესაც დაკრედიტების წილი აქტივებში საშუალოდ 60%-ია, ეს მნიშვნელოვნად აწვება პროდუქტის ერთეულის ფასს. უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვიზიდოთ უფრო იაფი რესურსი ბიზნესისთვის“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

გიორგი პარკაიამ ყურადღება გაამახვილა იმპორტირებულ პროდუქციაზეც (ე.წ. ტუშონკა), რომელიც, მისი თქმით, ხშირად დაბალი ხარისხისაა, თუმცა ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტს ფასით უწევს კონკურენციას.

„ჩვენს პროდუქციას ჩემს შვილებს ვაჭმევ, იმპორტირებული კი ტაფაზე დადებისას უბრალოდ დნება და ქრება, ხორცი საერთოდ არ რჩება. სახელმწიფოსთვის ჯერ არ მიგვიმართავს, თუმცა ქსელში თავად შეგვიდარებია ჩვენი და შემოტანილი პროდუქცია“, - განაცხადა მწარმოებელმა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა კომისიის წევრმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხარისხობრივი უპირატესობა ავტომატურად არ ნიშნავს კონკურენტის აკრძალვას და მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანი.

„თუ ხარისხით უკეთესია, მომხმარებელი გასინჯავს და თავად გადაწყვეტს. მთავარია, თქვენს პროდუქტს ჰქონდეს წვდომა ყველა მაღაზიაში,“ – აღნიშნა კვიჟინაძემ.

პარკაიას თქმით კი, რეალობა ასეთია: „თუ ფასით ვერ ვუწევთ კონკურენციას, ქსელი უბრალოდ გამოგვიშვებს. ამიტომ მთავარი პრობლემა არის წვდომა, გადახდის პირობები და ის ფინანსური წნეხი, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვება.“

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი კომისია ადგილობრივი მწარმოებლების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავს. განხილვის მიზანია გამოიკვეთოს ის სისტემური ბარიერები, რომლებიც ადგილობრივ კომპანიებს კონკურენციისა და ფინანსური მდგრადობის კუთხით ექმნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები