ცნობილი ამერიკელი ინვესტორი და Ark Invest-ის დამფუძნებელი, ქეთი ვუდი პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 16 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო მთლიანად კრიპტოინდუსტრიის შეფასება $28 ტრილიონის ფარგლებში იქნება.
ვუდის აზრით, ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 762,000 დოლარამდე მოიმატებს, რაც დღევანდელ დონესთან შედარებით თითქმის 760%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება. ამერიკელი ინვესტორი ვარაუდობს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია საშუალოდ წლიურად 63%-ით გაიზრდება, რაც საფონდო ბირჟასთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტი იქნება.
Ark Invest-ის ანგარიშში ბიტკოინის ზრდის მთავარ ფაქტორებად ინსტიტუციური ინვესტორების ჩართულობა, ETF-ების პოპულარიზაცია, კორპორაციული შესყიდვების ზრდა და ვოლატილობის შემცირება სახელდება.
პარალელურად, საინვესტიციო კომპანია პროგნოზირებს, რომ ბიტკოინის გარდა, კრიპტობაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჭკვიან კონტრაქტებზე დაფუძნებულ პლატფორმებზე გადავა, რომელთა ერთობლივი საბაზრო კაპიტალიზაცია 2030 წლისთვის დაახლოებით 6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.



























