ხომლის მარნის დამფუძნებელი თამაზ ომანაძე აცხადებს, რომ ვენახების უსისტემო გაშენება წლებია მიმდინარეობს, რაც დარგში მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის ინიციირებული და რომელიც სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენებას მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით ხდის შესაძლებელს მისასალმებელია, თუმცა აქამდე უკვე ბევრი შეცდომაა დაშვებული, რაც ქვეყანას ეკო კატასტროფის წინაშე აყენებს.
“ქიმიური პრეპარატებით ხდება ყურძნის გაბევრება, რაც ეკო კატასტროფის წინაშე გვაყენებს. ეს ხდება არა მარტო მევენახეობაში, ასეა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, ასეა მანდარინზეც, ვაშლზეც. ჩვენ ვდგავართ ეკო კატასტროფის წინაშე ამ კუთხით, რომელსაც ჩვენი ხელით შევქმენით.
მე არ ვზივარ კაბინეტში და იქიდან არ ვეცნობი რა ხდება მევენახეობაში. ფაქტობრივად ყველასთან მაქვს შეხება ჩვენს ზონაში. მევენახეებს მოჰყავთ ყურძენი და ამბობენ: სახელმწიფომ მაინც ჩაიბარებს!
ფერმერები მიშვებული არიან და ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოსავალი მიიღონ, ქიმიური მოსავალი. აქვე დავამატებ იმასაც, სუბსიდირების დროს, წელს, რთველში, სადაც იბარებდნენ ყურძენს, იყო კოკისპირულ წვიმაში მოკრეფილი ყურძენი, თავმოხდილ "ცელოფნის" პარკებში, სადაც, რა თქმა უნდა, წყალი ჩადიოდა.
არ ვიცი მე ჩაბარებული ყურძნიდან რა უნდა მიიღოს სახელმწიფო კომპანიამ. ტექნიკური სპირტი თუ მიიღო, მადლობელი უნდა ვიყოთ. ტექნიკური სპირტი და არა სპირტი.”- ამბობს ხომლის მარნის დამფუძნებელი თამაზ ომანაძე bm.ge-სთან.
ცნობისთვის, სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენება შესაძლოა მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით გახდეს შესაძლებელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი გადაუგზავნა. კანონპროექტში წერია, რომ ბოლო წლებში ვენახების გაშენება ხდება იმ ჯიშებით, რომლებიც იმ კონკრეტული ზონისთვის არ არის ნებადართული, რაც ქმნის როგორც რეალიზაციის პრობლემას ისე რისკებს ღვინის წარმოებაში.




























