მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქინდერლაბი“ თელავში კემბრიჯის პროგრამებზე დაფუძნებულ ინოვაციურ სასწავლო ცენტრს ხსნის - რას შესთავაზებს მომხმარებლებს?

ქინდერლაბი

თელავში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო ცენტრი იხსნება – საგანმანათლებლო პლატფორმა „ქინდერლაბი“ კახეთში კემბრიჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფუძნებულ ინოვაციურ ცენტრს აამოქმედებს. ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა, ხათუნა არწივიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

როგორც არწივიძე აცხადებს, გადაწყვეტილება თელავში ცენტრის შექმნის შესახებ ბოლო ორ წელში დაგროვებულ გამოცდილებასა და ბაზრის კვლევას ეფუძნება: "უკვე 2 წელია თელავში ვმუშაობთ და ამ პერიოდში დეტალურად გავაანალიზეთ კახეთის ბაზარი. კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონს აქვს პოტენციალი და ძლიერი მოთხოვნა ინოვაციურ და საერთაშორისო სტანდარტების განათლებაზე“, - ამბობს ხათუნა არწივიძე.

ახალი სასწავლო ცენტრი ოფიციალურად 1 ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ბავშვებს კემბრიჯის აკადემიური მიმართულებების, მათ შორის ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის, მეწარმეობასთან ინტეგრირებულ სწავლებას შესთავაზებს. სწავლება ხორციელდება თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ექსპერიმენტულ სწავლებას, გუნდურ მუშაობას და მეწარმეობასთან ინტეგრირებულ პროგრამებს.

არწივიძის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მიღება 9 წლიდან 15 წლამდე შეუძლია. თუმცა, ის დასძენს, რომ მოთხოვნა უფრო მცირე ასაკის ბავშვებზეცაა. წლიურად კი 200 ბავშვამდე გადამზადებაა დაგეგმილი.

„ჩვენ არ გვაქვს ტრადიციული მერხები და მენატორებსაც მასწავლებლებს არ ვეძახით. ბავშვები გუნდურად მუშაობენ მაგიდებზე. პროგრამის გავლის შემდეგ, ჩვენი „ქინდერლაბელი“ მიიღებს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას. შეუძლია ნებისმიერი საგანი აირჩიოს, ეს იქნება ინგლისური, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია თუ სხვა, რომელთან ინტეგრირებით ვასწავლით მეწარმეობას, რითაც ბავშვი შეძლებს რომ თავისი სტარტაპი შექმნას“, - განმარტავს არწივიძე.

მისი თქმით, პროექტის მიზანია რეგიონში ინოვაციური განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მეწარმეობის მიმართულებებით.

„კახეთი ძალიან საინტერესო და ნიჭიერ თაობას ზრდის. ჩვენი მისიაა, რომ მათ ადგილზე მივცეთ განვითარებისა და წარმატების შესაძლებლობა. ადგილობრივი აგრომეურნეობა და აგრომეწარმეობა საჭიროებს ახალ თაობას, რომელიც უკვე მეცნიერულად და ტექნოლოგიურად მოაზროვნე იქნება“, - დასძენს ის.

მისივე ინფორმაციით, მეწარმეებს შეეძლებათ ექსპერიმენტები ჩაატარონ. ეს იქნება ნიადაგის ანალიზი, წყლის ანალიზი თუ სხვა. : "პრაქტიკული სწავლება უფრო მეტი იქნება, ვიდრე ფორმულები, რომელიც თანამედროვე ბავშვებს არ უყვართ“, - განაცხადა ხათუნა არწივიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები