მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გახდება - ტექნიკურ კვლევაზე 10-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

644e1468cb622
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.23 11:08
1140
აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი ამჟამად ორზოლიანია. 31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მის გაფართოებას გეგმავს. ამისთვის უწყებამ 10 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მიღება როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიებს შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ გზის გაფართოებისთვის ტოპოგრაფიულ-გეოლოგიური ნახაზები უნდა მოამზადოს, ასევე განსაზღვროს რამდენი მილიონი ლარი დაჯდება მისი მშენებლობა. ამასთანავე, ჩადებული საინჟინრო პირობის მიხედვით, გზის გაფართოვების პროექტი უნდა შემუშავდეს ისე, რომ მისი განხორციელების დროს არსებულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდეს.

ქობულეთის შემოსავლელი გზა იწყება შეკვეთილიდან და სრულდება ჩაქვიმახინჯაურის გვირაბებთან, აღნიშნული საავტომობილო გზის სრული სიგრძე შეადგენს დაახლოებით 31.3. კმ.

სატენდერო დავალება მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზის 4- ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისათვის, რომლის მთლიანი სიგრძეა დაახლოებით 31.3 კმ .

ტექნიკური დავალება:

“ამ დავალების ძირითადი მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება ქობულეთის შემოვლითი არსებული 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისათვის ტექნიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ანალიზის სრულფასოვანი შეფასების საფუძველზე. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებისას, კონსულტანტმა, ხარჯების ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, უნდა გაითვალისწინოს საინჟინრო და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები ყველა ელემენტისათვის. პროექტის შერბილება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც საჭირო ეკონომია იქნება მიღებული და სადაც უსაფრთხოებაზე არ იქონიებს მნიშვნელოვან ზემოქმედებას.

კვლევაში განხილული უნდა იყოს საინჟინრო გადაწყვეტილებების შედარებითი ხარჯები და გამოვლენილი უნდა იქნას საინჟინრო და გარემოსდაცვითი უპირატესობები და არახელსაყრელი პირობები. სამომავლო მოვლა-შენახვის მოთხოვნები გათვალისიწნებული უნდა იქნას.

კონსულტანტმა უნდა მოამზადოს სრულყოფილი ანგარიში ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე, რომელშიც აღწერილი იქნება საინჟინრო-ტექნიკური ვარიანტები, გარემოსდაცვითი და სოცილაური შეზღუდვები, მოძრაობის ანალიზი, ხარჯთაღრიცხვები, ეკონომიკური ანალიზი, მიგნებები/შედეგები და რეკომენდაციები,”- ნათქვამია დოკუმენტში.

კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადებების წარდგენა 26 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები