ქობულეთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 9.1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც ქობულეთის სანაპირო ზოლის და ბულვარის მოდერნიზაცია რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ადგილზე გამწვანების სამუშაოებს, სასეირნო ბილიკის მოწყობას, დეკორაციების განთავსებას და ახალი გარე განათებების მონტაჟს.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალი ბულვარის სიგრძე 1.4 კილომეტრი იქნება და ის ზღვის პირას 47,193 კვადრატული მეტრის ფართობს დაიკავებს.
"ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის სამუშაოები,"- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად, სამუშაოები სრულად 510 დღეზე არის გათვლილი, მათ შორის 2025 წლის 20 ივნისიდან 2025 წლის 20 სექტემბრამდე სამუშაოები საზაფხულო სეზონის გამო შეჩერებული იქნება.