მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ადამიანი გაყინული იპოვეს - ბათუმელები

დიდთოვლობა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

კაცის გაყინვის ფაქტს მედიას ქობულეთის მერიაშიც დაუდასტურეს. მერიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცი, დღეს, 25 თებერვალს სახლთან ახლოს იპოვეს.

იყო თუ არა გარდაცვლილი პირი მარტოხელა ან როგორ აღმოჩნდა ის ზამთარში ქუჩაში, ამასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ.

ამ ტრაგედიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ ხერხდება.

დიდთვლობის პირობებში კიდევ ერთი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბეც" ავრცელებს. მათი ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალბატონი ნონა კვაჭანტირაძე, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა.

მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.

“გურიის მოამბის" ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, დიაბეტი გახდა, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან სასწრაფომ ან მისვლა ვერ მოახერხა ან უშუქობის გამო ქალბატონმა ტელეფონი ვერ დამუხტა და შესაბამისად სასწრაფოც ვერ გამოიძახა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, გვიან ღამით გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები