ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - დაწყებულია სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოები ზღვისპირა პარკის 2-კმ-იანი მონაკვეთის მოწესრიგებას გულისხმობს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს:
– დეკორატიული ფილებით სასეირნო ზოლის და სავალი ნაწილის მოწყობა;
– თანამედროვე ტიპის გარე განათების მონტაჟი;
– მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება;
– სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა;
– შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
აღნიშნული სამუშაოები 4 მლნ ლარზე მეტით ფინანსდება.
ამასთან, მთავრობის ცნობით, სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩების გადასასვლელების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობას, ტროტუარის, სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით მოპირკეთებას. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი, გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები.