მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქოჩორას ვენახების" ღვინის გაყიდვა დაიწყო - გიორგი ქოჩორაშვილის საოჯახო მეურნეობა კარდენახში

გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური „სპორტინგის“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ღვინის წარმოება დაიწყო. „ქოჩორას ვენახები“ - ასე ეწოდება ღვინის ახალ ბრენდს, რომლის გაყიდვებიც საქართველოს სასმლის სარეალიზაციო ობიექტებში დაახლოებით ერთი კვირაა დაიწყო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში არსებულ საოჯახო მეღვინეობის ისტორიასა და ბრენდირებაზე, ფეხბურთელმა კომპანიის Facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეო რგოლში ისაუბრა.

„ახლა კარდენახის მარან „ალაზანში“ ვართ, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ოცნებები, რომლებიც არამხოლოდ მე არამედ ჩემს პაპას ჰქონდა, რეალობად გვექცია. ეს იდეა იქიდან გამომდინარე გაჩნდა, რომ ვიცოდი რამხელა შრომა ჰქონდა ჩადებული პაპას და როდესაც ვენახში ჩადიოდა, მეც თუ საშუალება მქონდა მასთან ერთად მივდიოდი. სამწუხაროდ, პაპას არ მიეცა იმის საშუალება რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა, რაც მე და ჩემს ოჯახს გეგმაში გვაქვს - გვინდა, პაპას სახელით ეს ყველაფერი გავაკეთოთ და ქოჩორას ვენახებიდან ის ღვინო ჩამოვასხათ, რომელიც არამხოლოდ ღვინოა, არამედ ასახავს იმ ტრადიციას, რომელიც საქართველოს და ჩვენ გვაქვს. პატარა სუფრა იქნება თუ სამეგობრო წრე, რომ უკეთესად გავუზიაროთ გულისწუხილი და სიხარული“, - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ქოჩორას ვენახები“ 2026 წლის თებერვალში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილია. კომპანიის ხელმძღვანელი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მამა-პაპეული ვენახი კარდენახში, ვაზის სამ განსხვავებულ მიკროზონაშია და ღვინის წარმოებაც, თავდაპირველად მცირე 3 000-ბოთლიანი მოცულობებით სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული ყურძნით აუთსორსზე დაიწყეს.

„მამაჩემი, გიორგის პაპა რობიზონ ქოჩორაშვილი მევენახეობის და მეღვინეობის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორი იყო. მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო მევენახეობას და მეღვინეობას და სადოქტორო დისერტაციები, ნამუშევრები და ამ ყველაფერზე შვილებსა და შვილიშვილებსაც ესაუბრებოდა.

დღეისთვის „ქოჩორას ვენახის“ სამი დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ კარდენახის მიკროზონებიდან - ახოები, წარაფი და რქაწითელი. ჯერჯერობით ღვინო საქართველოში ალკოჰოლის სარეალიზაციო ობიექტებზე შედარებით მაღალ სეგმენტში იყიდება. ეს არის ტრადიციული ქვევრის ღვინო, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა საწარმომ ჩამოასხა. ერთი ბოთლის ღირებულება 45-50 ლარია“, - განაცხადა როინ ქოჩორაშვილმა.

ახლად დაფუძნებული მევენახეობა მომავალში ვენახების გაფართოებას და წარმადობის გაზრდას გეგმავს. როინ ქოჩორაშვილი აღნიშნავს, რომ წარმოების განვითარებასა და მოცულობების ზრდაზე გადაწყვეტილებას ბაზარზე დაკვირვების შემდეგ მიიღებენ, თუმცა დღესვე ამბობენ, იმას რომ მათი გეგმა „ქოჩორას ვენახების“ ღვინის ექსპორტზე გატანაა და პირველი ასეთი ქვეყანა შეიძლება ესპანეთი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები