მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა - 2 სსიპ-ის შერწყმის შედეგები

5f819a2256e7a
თელარა გელანტია
10.10.20 16:00
2318
1 სსიპ-ი 2-ის ნაცვლად - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა. საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის საფუძველზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთმანეთს შეერწყა.

bm.ge-მ სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკვშირებით რამდენიმე წერილობითი კითხვით მიმართა, რადგან სსიპ-ის მენეჯმენტი BMG-ის სატელევიზიო გადაცემებს ინტერვიუებზე არ თანხმდება.

ოფიციალური პასუხებიდან ირკვევა, რომ სახელი უცვლელი დარჩა და ერთიან სსიპ-ს ისევ „სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ჰქვია. უცვლელი დარჩა თავმჯდომარეც - გამსხვილებულ სსიპ-ს ისევ გიორგი დუგლაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც 5 მოადგილე ეყოლება. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციამდე მას 3 მოადგილე ჰყავდა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორს - 4.

ამასთან, ქონების სააგენტოდან ჩვენი კითხვის პასუხად გვწერენ, რომ გიორგი დუგლაძის შრომის ანაზღაურება 7300 ლარია, პირველი მოადგილის - 5300 ლარი, ხოლო მოადგილეების შრომის ანაზღაურება - 5200. „შერწყმის შედეგად თავმჯდომარის და მოადგილეების შრომის ანაზღაურება არ შეცვლილა“, - ამბობენ სააგენტოში.

საინტერესოა ისიც, რომ რეორგანიზაციის შედეგად საბიუჯეტო სახსრები არ დაზოგილა და თუ რეორგანიზაციამდე ქონების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი იყო 26 967 900 ლარი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტი - 7 772 000 ლარი, რეორგანიზაციის საფუძველზე გამსხვილებული სსიპ-ის ბიუჯეტი 34 739 900 ლარია ანუ მათი ჯამი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეორგანიზაციის შემდეგ შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი უცვლელი - 166 დარჩა, (ქონების სააგენტო - 75 თანამშრომელი, მომსახურების სააგენტო - 41), ხოლო შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა ორივე სსიპ-ში მხოლოდ 10-ით შემცირდა 310-მდე (ქონების სააგენტო - 198, მომსახურების სააგენტო - 122).

bm.ge-მ სახელმწიფო ქონების სააგენტოს ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტს ასევე გაუგზავნა კითხვები რეორგანიზაციის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაზეც შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და სსიპ “ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” შერწყმა მნიშვნელოვანი რეფორმაა სახელმწიფო უძრავ/მოძრავი ქონების ერთი ფანჯრის პრინციპით განკარგვის მიმართულებით - თუ მანამდე სახელმწიფო ქონების შეძენითა და ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებულ პირს ესაჭიროებოდა მიმართვიანობა სხვადასხვა უწყებაში, ხსენებული სსიპ-ების გაერთიანების შემდგომ, ყველა ტიპის (უძრავი/მოძრავი) სახელმწიფო ქონების განმკარგველი გახდა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და მოქნილს გახდის უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვის პროცედურებს.

სახელმწიფო ქონებით დაინტერესებული პირებისთვის იმოქმედებს ერთიანი მომსახურების ცენტრები და დაინტერესებული პირები გათავისუფლდებიან დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერებისაგან. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვას ერთი ფანჯრის პრინციპით.

სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან (კერძო/ სახელმწიფო იურ. პირები) აქტიურ თანამშრომლობას და ახალი სერვისების შეთავაზებას განაგრძობს, რომელიც ითვალისწინებს მათ საკუთრებაში არსებული აქტივების (უძრავ/მოძრავი ქონების გაყიდვა, იჯარით გაცემა, ლიცენზიების გაცემა, აღნაგობის უფლებით გადაცემა) განკარგვის ხელშეწყობას ვებგვერდზე www.eauction.ge ელექტრონული აუქციონების და ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით. აღნიშნული სერვისით ყოველთვიურად 200-დან-300-მდე ფიზიკური პირი/ბიზნეს სუბიექტი სარგებლობს.
ერთიანი მომსახურების ცენტრების არსებობა ასევე ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ხარისხიან მომსახურებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება მიიღოს კვალიფიციური პირების კონსულტაცია, ადგილზე გაიაროს რეგისტრაცია და ამასთან, ისარგებლოს სავაჭრო სივრცით, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ინტერნეტით და მომსახურე პერსონალით. სივრცე ასევე გათვლილია პირებზე, რომელთათვის ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია ზემოთ ხსენებული საჭიროებები.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და წახალისების მიზნით, სააგენტო გეგმავს ერთობლივ პროექტს სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებთან. პროექტის მთავარ მიზანს მეწარმეობის განვითარება და მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა წარმოადგენს. მთავარ ინსტრუმენტად აღნიშნულ პროექტში შესაძლოა განვიხილოთ ელექტრონული აუქციონებისა და ინტერნეტმაღაზიის ვებგვერდი www.eAuction.ge”, - ნათქვამია ოფიციალურ პასუხში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები