გიორგი დუგლაძე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დუგლაძეს ჰყავს მეუღლე ლილი დუგლაძე და ორი არასრულწლოვანი შვილი. გიორგი დუგლაძე არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობს. მის მეუღლეს ეკუთვნის Rang Rover Velar რომელიც 2022 წელს 52 000 ევროდ შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით, დუგლაძეს ნაღდი ფულის სახით 215 000 აშშ დოლარი აქვს, რომელიც საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიიღო. ასევე, დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა მანქანის განკარგვისთვის მიღებული 45 000 აშშ დოლარის ქეში. თუმცა, არც ერთი ქონება 2022 წლის დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული. მეტიც, იგივე მოცულობის თანხის წყაროდ, დუგლაძე იგივე ქონებების გაყიდვას ასახელებდა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ოჯახმა შვილის სწავლის გადასახადი წლიურად 7 000 ევრო გადაიხადა. დუგლაძე ასევე იხდის იპოთეკურ სესხს 9 401 დოლარს ქონებისთვის, რომელსაც დეკლარაციაში ასევე არ უთითებს.
დეკლარაციაში მითითებული არ აქვს არც ხელფასი, ლილი იოსელიანმა კი, შპს არენსია ექსპლორატორი მედისინ-ის დირექტორის პოზიციაზე, 2022 წელს 429 814 ლარი მიიღო.
გიორგი დუგლაძე, მმართველი უმრავლესობის წევრის, ბიზნესმენის ზაალ დუგლაძის ძმაა, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. ძმებ (ზაალ, დავითი, გიორგი) დუგლაძეებს ჯამში 16 კომპანია ეკუთვნოდათ 2020 წლამდე, რის შემდეგაც ზაალ დუგლაძის კომპანიებში ქონების განმკარგავი სხვა პირები გახდნენ, რადგან დუგლაძე პარლამენტის წევრია. ამ დროიდან კომპანიებს აღარ ფლობს არც გიორგი დუგლაძე. თუმცა, რა გზით უცნობია.
2020 წლის დეკლარაციის მიხედვით გიორგი დუგლაძე ფლობდა აგარაკს წავკისში, საცხოვრებელ სახლს თბილისში ლისზე, 5 მიწის ნაკვეთს. ასევე, წილის 50%-ს შპს იმერეთი 2014-ში, 35% წილს შპს ენერჯი თრეიდ ინკ-ში და წილის 20%-ს შპს ვენი ვიდი ჯორჯია-ში. 2021 წლის დეკლარაციაში წილები, ან უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. ამიტომ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ახალი უფროსის ქონების მონიტორინგიც შეუძლებელია.