დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს საგადასახადო კანონმდებლობაში ინიციირებული ცვლილებები მესამე მოსმენით 73 დეპუტატის თანხმობით “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილები დაამტკიცა და 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ. ოფიციალური ინფორმაციით, მითითებულ ვადებში წარმოშობილი დავალიანება 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს. ამავე დროს სამივე მოსმენით მიღებულ ცვლილებებში აისახა და საგადასახადო კოდექსში კიდევ ერთი პუნქტი, რომლითაც პარლამენტმა ოფშორული ზონებიდან საქართველოში კომპანიების გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დააწესა. საგადასახადო სამოთხედ წოდებული ოფშორებიდან კიდევ უფრო კომფორტული სამოთხის საქართველოში დახვედრებისთვის პარლამენტმა კანონი დაჩქარებულად რამდენიმე დღეში მიიღო. ოფშორში კომპანიას არც ისე ბევრი მოქალაქე ფლობს, ასეთი კომპანიების რაოდენობა როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ თქვა სულ 3000-ია თუმცა რამდენი მოქალაქეა მფლობელი ეს მონაცემი არ გვაქვს. განახლებული საგადასახადო კოდექსით ის მოქალაქეები, რომლებიც ქონებებს სხვა და სხვა ოფშორულ ქვეყნებში სხვა და სხვა მიზეზით ფლობენ, თუ მათ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე გადმოაფორმებენ გადასახადებისგან რამდენიმე წლით გათავისუფლდებიან. ასეთი შეღავათებით ისარგებლებენ მაღალშემოსავლიანი, მდიდარი მოქალაქეები, რომელთაც ქონება ასევე შეღავათების მიღების მიზნით ოფშორებში ამ დრომდე ჰქონდათ რეგისტრირებული.