ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება საქართველოში ქონების მესაკუთრე უცხოელებსაც აქვთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები ან რეზიდენტები.
უწევთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ქონების გადასახადის გადახდა? - ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით:
1. ქონების გადასახადით იბეგრება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება/მიწა (ეს პირდაპირ არ წერია საგადასახადო კოდექსში, მაგრამ, ეს დასკვნა ნორმათა სისტემური განმარტებიდან გამომდინარეობს). კონკრეტულად რომელი ქონება იბეგრება, ეს წინა პოსტში მაქვს აღნიშნული.
2. ქონების გადასახადის გადამხდელია ზემოაღნიშნული ქონების/მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა და მიუხედავად მისი რეზიდენტობისა. ანუ თუ ფიზიკური პირი საქართველოში ქონების მესაკუთრეა, იგი უკვე ითვლება ქონების გადასახადის გადამხდელად ამ ქონებაზე (მათ შორის, არამოქალაქეც და არარეზიდენტიც).
3. ოჯახად ითვლება პირი და
ა) ამ პირის მეუღლე, ასევე არასრულწლოვანი შვილი, მიუხედავად იმისა ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე;
ბ) ამ პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, სრულწლოვანი შვილი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი. ანუ თუ ეს ადამიანები მუდმივად არ ცხოვრობენ ამ პირთან, მისი ოჯახის წევრად არ ითვლებიან.
4. ოჯახის შემოსავალში შეიტანება როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, ასევე ის შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს (ანუ საზღვარგარეთიდან/საზღვარგარეთ მიღებული შემოსავალიც), გარდა ერთი გამონაკლისისა:
- საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. ყველა დანარჩენ პირთან ვითვლით ორივე წყაროდან მიღებულ შემოსავლებს.
5. შემოსავლებში არ შეიტანება ოჯახის წევრებისაგან ჩუქებით, მემკვიდრეობით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება. აქ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ვინ ითვლება ოჯახის წევრად (კოდექსი განმარტავს მხოლოდ ოჯახს, ოჯახის წევრების განმარტებას კოდექსი არ იძლევა)“, - წერს ზურაბ ძნელაშვილი.
ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 ნოემბერია, გადახდის კი - 15 ნოემბერი. ქონების დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით, აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა.




























