მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების მითვისებისა და გადასახადებზე თავის არიდებისთვის თანხის ოდენობაზე ზღვარი უნდა გაიზარდოს - "ევროოპტიმისტების" ინიციატივა

რომან გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა, "ევროოპტიმისტებმა", პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც სხვისი ქონების მითვისებისა და გადასახადებისათვის თავის არიდებისთვის თანხების ოდენობაზე ზღვარი უნდა გაიზარდოს - ინფორმაციას "ევროოპტიმისტების" წევრი, რომან გოცირიძე ავრცელებს.

დარეგისტრირებული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების და გადასახადისათვის თავის არიდების სფეროში ჩადენილი დანაშაულის შემსუბუქებას ითვალიწინებს.

კერძოდ, თუ მოქმედი კანონის თანახმად, 150 ლარზე მეტის ღირებულების ქონების მითვისებისათვის პირს 3 წლამდე, 10 000 ლარზე მეტის მითვისებისთვის კი 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, "ევროოპტიმისტების" ინიციატივით, ეს ზღვარი, შესაბამისად, 350 და 25 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

"დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში პასუხისმგებლობას ამძიმებს ისეთი ქმედება, რომელიც გულისხმობს 150 ლარზე მეტი ღირებულების ნივთებთან დაკავშირებულ დანაშაულს. ანუ, 150 ლარზე მეტი ღირებულების ქონების მითვისების შემთხვევაში ადამიანს შეიძლება მიესაჯოს პატიმრობა, თანაც სამ წლამდე ვადით. ეს ნორმა 2006 წელს ამოქმედდა და ამის შემდგომ არ შეცვლილა. ამ დროის განმავლობაში ფასები ისე შეიცვალა და ლარიც იმდენად გაუფასურდა, რომ დღეს ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო თითქმის ოცი წლის წინანდელი კრიტერიუმით, საღ აზრს არის მოკლებული.

კიდევ უფრო საგანგაშოა მდგომარეობა, როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დეფინიციას ეხება. პირის პასუხისმგებლობას ამძიმებს ქმედება, რომელიც უკავშირდება 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მქონე საქონელთან დაკავშირებულ დანაშაულს. ამ შემთხვევაში ადამიანს ემუქრება რვა წლამდე პატიმრობა. ეს ნორმა 1999 წელს ამოქმედდა და ამის შემდგომ არ შეცვლილა", - წერს დეპუტატი.

რომან გოცირიძის განმარტებით, 1999 თუ 2006 წლის შემდეგ საერთო ფასების დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და აღნიშნული ოდენობა ნაკლებად მსყიდველთუნარიანია. "ევროოპტიმისტების" აზრით, აღნიშნული ზღვარი არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.

რომან გოცირიძის განცხადებაში საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზეცაა საუბარი:

"შეგვაქვს ასევე ცვლილება საგადასახადო კოდექსშიც. დღეს მოქმედებს 100 000 ლარიანი ზღვარი, რომელზე მეტი ოდენობით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მიიჩნევა გადასახადისთვის დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სამიდან ხუთ წლამდე. ეს ზღვარი, იგივე გარემოებათა გამო( ლარის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება, ლარის გაუფასურება) უნდა გაიზარდოს და გახდეს 150 000 ლარის ტოლი.

ჩვენი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ასევე შეიცვლება სისხლის სამართლის კოდექსში გადასახადისათვის თავის არიდების, როგორც დანაშაულის შემადგენლობის კრიტერიუმები და პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 150 000 ლარზე მეტი ოდენობის მქონე გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარიანი ზღვრისა. აღსანიშნავია, რომ 150 000 ლარის ქვემოთ არსებული გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, თუმცა მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

არსებული რედაქციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. განსაკუთრებით დიდ ოდენობად ი დღევანდელი რედაქციით ითვლება მდგომარეობა, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 150 000 ლარს. ჩვენი ინიციატივით აღნიშნული 150 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 225 000 ლარამდე. ამ კანონის მიღებამდე 150 000 ლარის ზევით სანქციად თუ გამოიყენებოდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, კანონის მიღების შემდეგ, 225 000 ლარამდე უკვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პატიმრობა, არამედ ჯარიმაც.

როდესაც საქონლის ღირებულება არის განმსაზღვრელი, დაისაჯოს ადამიანი ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი წესით, ჯარიმა იქნას გამოყენებული თუ ციხე და ღირებულებით საზომად გამოყენებულია მეოთხედი საუკუნის წინანდელი ფასების დონე, ასეთი მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ადეკვატური და სამართლიანი. დღევანდელი, გაუფასურებული 150 ლარის გამო ადამიანს რომ არ უნდა იჭერდნენ, არა მგონია, რომ დიდი მტკიცება სჭირდებოდეს", - წერს პარლამენტარი.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის, თუმცა სხვა საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წელს უკვე ჩააგდო და 6 თვის შემდეგ უმრავლესობის ინიციატივად დაარეგისტრირა და ჯერჯერობით უცნობია, როგორ მიიღებს ახალ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები