მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

QR კოდები, მყისიერი გადახდების სისტემა, ღია ბანკინგი - პროექტები, რომელთა განვითარებაზეც სებ-ი მუშაობს

სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მყისიერი გადახდების სისტემა ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის მეორე ნახევრიდან.

მყისიერი გადახდების სისტემა არის ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365, გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სისტემით გადახდები განხორციელდება ლარში. მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. მომხმარებლებს გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენება შეეძლებათ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR კოდი და ა.შ.

აღნიშნული პროექტის განვითარებაზე ეროვნული ბანკი 2021 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კონკრეტულ მედიასაშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს სებ-ი საქართველოში Visa-ს და Mastercard-ის საქმიანობის რაიმე მხრივ შეზღუდვას გეგმავს. სებ-ი მიუთითებს არასწორ ინტერპრეტაციებზე, რაც მყისიერი გადახდების სისტემისა და ღია ბანკინგის განვითარების მიმართულებით გუშინ სებ-ის ვიცეპრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მყისიერი გადახდის სისტემებს აქვთ პოტენციალი განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს შესთავაზონ მომსახურების საფასურის მიღების ეფექტური გზა და აღნიშნულის განვითარებისთვის სებ-ი ფინტექებთან და მსოფლიო ბანკთან მჭიდროდ პარტნიორობს.

"ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა, კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა - მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. „ღია ბანკინგის“ მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით. უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის“ მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ. უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია,"- წერს ეროვნული ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები