მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრთამის აღების და სესხის უკანონო გაცემისთვის Bank Of China-ს ყოფილ ხელმძღვანელს სიკვდილით დასჯა შეეფარდა

ჩინეთის ბანკი

ჩინეთის სასამართლომ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ Bank of China-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ლიუ ლიანჟეს სიკვდილით დასჯა შეუფარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლიანჟეს ბრალად ქრთამის აღება და სესხის უკანონო გაცემა ედებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენის გაუქმების ან გადადებისთვის ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს ორი წელი ეძლევა. შესაბამისად, თუ 2-წლიან პერიოდში ლიანჟეს დანაშაულში კიდევ ერთხელ ამხელენ, იგი სიკვდილით დაისჯება, სხვა შემთხვევაში კი, აქვს შანსი, განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალოს.

ლიუ ლიანჟე ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკში მუშაობდა, ვიდრე, 2019 წელს, Bank of China-ს ხელმძღვანელად დანიშნავდნენ. 2023 წლის ოქტომბერში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით, ლიანჟე ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნეს და ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს.

სასამართლო განჩინების თანახმად, ლიუ ლიანჟე სარგებლობდა ბანკში საკუთარი პოზიციით და, ქრთამის სანაცვლოდ, ადამიანებს დაწინაურებას ჰპირდებოდა. მის მიერ მიღებული სარგებელი "განსაკუთრებულად დიდია" და 121 მილიონ იუანს, ანუ 17 მილიონ დოლარს აღემატება.

ამასთან, ექსპორტ-იმპორტისა და ჩინეთის ბანკებში მუშაობის დროს, ლიანჟემ კანონდარღვევით გასცა 3.32 მილიარდის ოდენობის სესხები, რითაც ბანკებმა 190 მილიონის ზარალი მიიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ლიუმ დანაშაული აღიარა და მითვისებული ფულისა და ქონების დიდი ნაწილი დააბრუნა, სასიკვდილო განაჩენის აღსრულება გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები