მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ლ.კ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობაზე და სხვა მოვალეობებთან ერთად, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ლ.კ-მ ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში, 650 ლარი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები