"მიუხედავად არაერთი რეფორმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების, საგზაო უსაფრთხოება ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გრძელვადიან გეგმაში აღნიშნულ საკითხზე ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს", - განაცხადა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად სამინისტროს ქსელში ჩართულია 5293 ვიდეოკამერა. ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება.
"საგზაო მოძრაობის ორგანიზების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა დარეგულირების მიზნით, ადმინისტრირებისა და აღსრულების ეფექტიანობის გაზრდისთვის შემუშავდა დამატებით ღონისძიებათა კომპლექსი. საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 5293 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1775 არის ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა, ხოლო 3518 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გარდა ამისა, საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, დღეის მონაცემებით, ამოქმედებულია 295 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1269 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთი.
შს მინისტრის ინფორმაციით, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება;
„სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზებზე ყოველწლიურად 50 სექციური სიჩქარის კონტროლის სისტემა ამოქმედდება, რომლებიც საანგარიშო პერიოდში, დამატებით დაფარავს 1000 კმ საგზაო მონაკვეთს. 10-წლიან პერიოდში, ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით. სრულად განახლდება ვიდეოკამერებისა და რადარებისთვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.