მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქსელურ მარკეტებში შესვლა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული - „სადილი"

63fdc60ccd041
თინათინ ნატმელაძე
28.02.23 21:46
2064
დაკონსერვებული კერძების მწარმოებელი კომპანია „სადილი“-ს დამფუძნებელი პაატა აროშიძე, იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომელსაც კომპანია ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის რეალიზების პროცესში აწყდება.

როგორც მან BM.GE-თან თქვა, იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენცია და ქსელურ მარკეტებში შესვლისას მაღალი გადასახადები კომპანიისთვის მთავარი გამოწვევაა. 

„საკმაოდ მზარდი მოთხოვნაა, მაგრამ ხორცის პროდუქტების შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქტები კონკურენციას გვიწევენ, რადგან მათი ხარისხიდან გამომდინარე საფასურიც ნაკლებია, მომხმარებლების უმეტესობა კი მხოლოდ საფასურს უყურებს. ამ დროს ჩვენი კერძები სრულიად ნატურალურია და არანაირ კონსერვანტებს არ შეიცავს, დამზადების პროცესშიც უამრავ სტანდარტს ვიცავთ, რაც შესაბამისად მის საფასურსაც ზრდის.

პროდუქტის ფასის ზრდას ისიც განაპირობებს, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გადახდის ვადები და პირობებიც ძალიან არახელსაყრელია, ამის გამო ხშირად ბანკის დახმარებაც გვჭირდება, რაც, ცხადია, რომ ჩვენი კერძების ფასს ცვლის, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წარმოებას ხელი არ შევუშალოთ და ეს დარტყმები დავაბალანსოთ,“ - განაცხადა პაატა აროშიძემ.

კომპანიის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ კვების სექტორში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადების მიმართულებითაა.

აღსანიშნავია, რომ „სადილი“ ამჟამად 45 ადამიანს ასაქმებს, აქედან 30 კადრი წარმოების პროცესშია ჩართული. ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ კომპანია მომხმარებლებს საცივს, ხარჩოს, ტოლმას, ფლავს და სხვა ქართულ კერძებს დაკონსერვებული, მზა სახით აწვდის და როგორც „სადილის“ დამფუძნებელი ამბობს, თვიური წარმადობა 200 000 ქილაა და პროდუქცია ამჟამად ადგილობრივ "რითეილ" ქსელებში რეალიზდება, საფასური კი 3-12 ლარს შორის მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები