ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი "ხმა" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ბრენდმა საქმიანობა თავდაპირველად ქალის მაისურების შექმნით დაიწყო, განვითარების პროცესში კი ასორტიმენტიც გაამრავალფეროვნეს და დღეს ქალის ხაზის მიმართულებით ჰუდებს, ჩანთებს, კორსეტებს, შარფებს, ქუდებსა და შარფებს აწარმოებენ. პროდუქცია ონლაინ, ბრენდის სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება.
როგორც ბრენდის დამფუძნებელმა, ხატია მათიკოშვილმა BMGtv-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა, "ხმა" ლოიალური საფასო პოლიტიკით გამოირჩევა და ცდილობენ, პროდუქციის ღირებულება ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
უფრო კონკრეტულად, სამოსის ღირებულება 45-55 ლარის ფარგლებშია, აქსესუარების ფასი კი 42 ლარიდან იწყება და 120 ლარს აღწევს.
"120 ლარიანი გვაქვს ნაკრები და ამ ნაკრებში შედის მაისური, ჩანთა და ქუდი. შესაბამისად, ეს ფასი არა ერთი, არამედ სამი ნივთისთვის არის განსაზღვრული. გვაქვს გამორჩეული პერიოდები, როდესაც ეს სასაჩუქრე ნაკრებები განსაკუთრებით აქტიურად იყიდება, მაგალითად ახალი წელი, რვა მარტი და სიყვარულის დღე.
ამ ახალ წელს სიახლე გვაქვს ის, რომ პროდუქციის ასორტიმენტს ნაქსოვი ნაწარმი, ქუდი და შარფი დავამატეთ. ქუდის ღირებულება 42 ლარია, ხოლო შარფის - 45", - ამბობს ხატია მათიკოშვილი.
სიახლეა ისიც, რომ ბრენდმა "ხმამ" მამაკაცის ხაზის პროდუქციის წარმოებაც დაიწყო. როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, პორტფელში ამ მიმართულების დამატება მოთხოვნის დიდმა მასშტაბმა განაპირობა.
"როდესაც კეპების წარმოება დავიწყეთ, მამაკაცები მუდმივად გვწერდნენ და კითხულობდნენ, თუ რატომ იყო ეს პროდუქცია მამაკაცის ხაზითაც წარმოდგენილი. მათი მხრიდან მოთხოვნა სულ უფრო მზარდი იყო და გადავწყვიტე ამ ხაზით ქუდები, კეპები და შარფები გამომეშვა. პროდუქტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. საფასო პოლიტიკა მამაკაცისა და ქალის ხაზში იდენტური გვაქვს", - აღნიშნავს ბრენდი "ხმას" დამფუძნებელი, ხატია მათიკოშვილი.
ხატია მათიკოშვილის თქმით, "ხმას" პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად სულ უფრო მზარდია, მიწოდება კი, ამ მასშტაბს ჯერჯერობით სრულად ვერ პასუხობს. განვითარებისა და წარმადობის ზრდის პარალელურად კი, კომპანია 2024 წლის იანვარში შოურუმის გახსნას აანონსებს.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი განმარტავს, ფიზიკურ სივრცეში არსებული მათი პირველი მაღაზია სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისის" ქართველი დიზაინერების კუთხეში განთავსდება. გაზაფხულზე კი ახალ შოურუმში, ახალი პროდუქტების დამატებასაც ვარაუდობენ.